დავით უსუფაშვილი - საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ პერსონალური ვნებების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან - ბავშვებს ჩაბარებული აქვთ თვითმფრინავის საჭე, რომელსაც საქართველო ჰქვია და ერთობიან

იუსტიციის მინისტრი ისე იქცევა, ბავშვები რომ იჩხუბებენ ქუჩაში და ამბობენ: “იმან ჯოხი ჩამარტყა, მე კიდევ ქვა ვესროლეო“, გამოდის და ამბობს, „ისეთ რამეებს გვაბრალებენ, გაჩვენებთ, რაშია სიმართლე“ - არ ვიცი, რას შევადარო ეს არაადამიანური მოპყრობა, ეს ყველაფერი პოლიტიკის მიღმაა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „როდესაც ადამიანი ხელბორკილდადებულია, ის უკვე სხვანაირი ადამიანია და არ შეიძლება მასთან ის დამოკიდებულება გააგრძელო, რაც მანამდე გქონდა“.

„მომწონს - არ მომწონს, მისი ხედვები ასეთი ან ისეთია - ეს ამბავი მორჩა. ყველაზე უფრო არაადამიანურ ვითარებაში მყოფია ყველა პატიმარი, ვინც ციხეშია. ამ ადამიანზე არ შეიძლება ქილიკი, საკანში თუ საავადმყოფოს პალატაში მისი რაღაც ტიპის ქმედებების გამოფენა. იუსტიციის მინისტრი ასე იქცევა, ბავშვები რომ იჩხუბებენ ქუჩაში და ამბობენ - იმან ჯოხი ჩამარტყა, მე კიდევ ქვა ვესროლეო. გამოდის იუსტიციის მინისტრი და ამბობს - ისეთ რამეებს გვაბრალებენ, რომ აი, გაჩვენებთ, რაშია სიმართლე. არ ვიცი, რას შევადარო ეს არაადამიანური მოპყრობა - ეს პოლიტიკის მიღმაა. მერე ამ მინისტრს ხელისუფლება ტაშს უკრავს. გამოდის უმრავლესობის წარმომადგენელი, სიბილწეს ამბობს ადამიანთან დაკავშირებით და მას ტაშს უკრავენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში გრძელდება ტრაგედია, სადაც „ძალიან სახიფათო თემებია ჩართული“.

„საქმე გვაქვს არა ქვეყნის მმართველ ხელისუფლებასთან, არამედ საკუთარი პერსონალური ვნებების, სურვილების და ჟინების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან. სხვანაირად არ მესმის, როგორ შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეებთან მყოფმა ადამიანმა, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია ვიღაცაზე ასეთი შეფასება გააკეთო, რომ სიმულიანტობს - „შევხედე და ასე დავადგინე“, „არც ისე ავადაა“ და ა.შ. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ ფიქრობენ ქვეყანაზე და სახელმწიფოში იმ სტანდარტების დამკვიდრებაზე, რაც უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე ადამიანი. ამიტომ, სამწუხაროდ, გრძელდება ტრაგედია, რომელშიც უკვე ძალიან სახიფათო თემებია ჩართული. სხვა ქვეყნებშიც ხდება - ყოფილი პრეზიდენტები თუ პრემიერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გისოსებს მიღმა მომწყვდეული პოლიტიკური მოწინააღმდეგე უმწეო მდგომარეობის გამოყენებით უნდა გაანადგურო და ყველა შესაძლო პატივი და ღირსება აჰყარო, დასცინო, მის თაობაზე იმ ტიპის ხუმრობები თქვა, რაც დაუშვებელია, იყენებდე ტერმინებს, რაც პარლამენტის შენობაშიც კი გვესმის. ამ ვითარებაში სახელმწიფოებრივ სტანდარტებზე ვერ ვსაუბრობთ. მაგალითად, ომს თავისი კანონები აქვს, ომში ვაჟკაცობა ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად ებრძოლო, მაგრამ მერე დატყვევებულ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად მოეპყრო და მისი ღირსების დაცვა ღირსების საქმედ გაიხადო. ყველგან ასე ხდება, რომ ადამიანები გამოვირჩევით იმით, რომ გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე სამაგიეროს გადახდაა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, რომ არსებული ვითარება შეიცვალოს, უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავად უნდა მოიწვიოს კონსილიუმი და გაარკვიოს, რაშია საქმე.

„ამ ვითარებას სჭირდება თავად ხელისუფლების მიერ, რომელსაც ევალება როგორც კონკრეტული ადამიანის სწორად პატრონობა ციხეში, ისე ამ ადამიანთან დაკავშირებული შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება, რომელიც საქართველოს ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ახრჩობს - ქვეყნის შიგნით ხელს უწყობს უზარმაზარ უფსკრულს, ქვეყნის გარეთ კი საქართველოს წარმოაჩენს ისე, როგორც ველურობასთან ახლოს მყოფ ქვეყანას. ამიტომ საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ავტორიტეტული სამედიცინო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კონსილიუმი მოიწვიოს და გაარკვიოს, რაშია საქმე. წინასწარ განაცხადოს, რომ ამ კონსილიუმის დასკვნას ითვალისწინებს. გამოვიდა ვიღაც მდინარაძე, შორიდან გახედა დურბინდით და თქვა - სიმულანტია ეს - ამაზე ვისაუბროთ?“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, უსუფაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არის მდგომარეობა, როდესაც „ბავშვებს ჩაბარებული აქვთ თვითმფრინავის საჭე, რომელსაც საქართველოს ჰქვია, ბავშვები კი ერთობიან“.

„ივნისში კანდიდატის სტატუსის არმოცემა იყო ყვითელი ბარათი - მეგობრებო, აქ თუ გინდათ მოსვლა, ამას ასე კი არ უნდა აკეთებდეთ, სხვანაირად უნდა გააკეთოთ. მაგრამ აგრძელებენ ისეთივე ქმედებებს. ევროპარლამენტის რეზოლუცია, როდესაც ყვითელი ბარათიდან 6 თვეა გასული, ნიშნავს იმას, რომ ჭკუა კი არ ისწავლა ვინმემ, პირიქით, აგრძელებს იმავე ქმედებებს. ერთადერთი ახსნა აქვს ამას, რომ სინამდვილეში იქ მისვლა არ გინდა, გიხარია წითელ ბარათს თუ გაჩვენებენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო