ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის - პატარა დანახარჯი არ არის, როდესაც ერთ პატიმარზე ერთი წლის განმავლობაში 200 000 ლარი იხარჯება

პატარა დანახარჯი არ არის, როდესაც ერთ პატიმარზე ერთი წლის განმავლობაში 200 ათასი ლარი იხარჯება, რას მკურნალობენ მას ამდენი ხნის განმავლობაში? - პარტნიორებს ჩემი ვიზიტების დროს ასეთი კითხვა არ დაუსვამთ, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებმა, წესით, ასეთი კითხვები არ უნდა დასვან , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიზიტებისას არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი საერთოდ არ იყო წამოჭრილი. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის. რაც შეეხება ევროპარლამენტს და რამდენიმე დეპუტატს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს (ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც დადებითი კუთხით იცნობენ) არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რეზოლუციაში ამ ჩანაწერით [მიხეილ სააკაშვილის შესახებ] დააზიანონ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აზიანებ, სახელმწიფოსაც აზიანებ. აქედან გამომდინარე მივიღეთ სიტუაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ ავტორმა ხმა არ მისცა, ისე დაუმახინჯეს საკუთარი ანგარიში. კიდევ უფრო მეტი ლუსტრირება მოხდა, რომ იქ არის კონკრეტული ჯგუფი რამდენიმე ევროპარლამენტარისა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სააკაშვილს და მის პარტიას დახმარების ხელი გაუწოდონ - ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ამის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტექსტში არასწორი ინფორმაცია შეიტანეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში „სტალინის კულტის თაყვანისცემა ხდება და ახალი ძეგლები იდგმება“.

„რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციით დახუნძლული ტექსტი შეიტანეს. იქ საუბარია სტალინის ძეგლებზე, რაც მე გულზე მომხვდა. მინდა, მივმართო თითოეულ ევროპარლამენტარს, ვინც ეს ჩასწორება შეიტანა - ჩამობრძანდნენ, ჩვენ ერთად წავიდეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით დავიაროთ და მაჩვენონ, სტალინის ახალი ძეგლი სად დაიდგა ბოლო 10 წელიწადში. რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოში თურმე სტალინის კულტის თაყვანისცემა ხდება და ახალი ძეგლები იდგმება. ასეთი სისულელეები წერია“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გარდა ამისა, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს შანსებზე. სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების შემდეგ საქართველო სტატუსს მიიღებს.

„გერმანიაში და არა მხოლოდ გერმანიაში, ჰოლანდიაშიც მყარი მხარდაჭერა იყო და მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი უდგას. საქართველოს განიხილავენ იმ ქვეყნებთან ერთად, რომელსაც ან კანდიდატის სტატუსი აქვს ან მოლაპარაკება აქვს დაწყებული. აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენი შეფასება ხდება არა 6 თვის თავზე, არამედ მოხდება ყველა სხვა სახელმწიფოსთან ერთად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ ასევე უპასუხა კითხვას მმართველი გუნდის წევრების განცხადების შესახებ, რომ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო, რომ ომში არ ჩაერთო“. დეპუტატი ამბობს, რომ ეს განცხადება ნიშნავს არა იმას, რომ ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არამედ იმას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო მიიღეს.

„ჩვენი ხელისუფლების არცერთ წევრს არასდროს უთქვამს, რომ დასავლეთს და ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ეს ნარატივი წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენი განცხადებები, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, გადათარგმნილი იყო როგორც განცხადებები კოლექტიური დასავლეთის ან კოლექტიური ევროკავშირის მიმართ. „სტატუსი ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ“ იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს უნდა ჩვენი ომში ჩართვა? ეს ნიშნავს იმას, რომ სტატუსი უკრაინამ და მოლდოვა მიიღო იმიტომ, რომ ისინი დღეს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე საქართველო. ამას ნიშნავს ეს და არა იმას, რომ საქართველო რადგან დასავლეთმა ომში ვერ ჩართო, იმიტომ ვერ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო