დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილი რომც არ იყოს ავად, ჩემთვის ის არის პოლიტპატიმარი და თავისუფალი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ის საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეც ამბობდა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს პოლიტპატიმრად საკუთარი პრინციპების გამო მიიჩნევენ.
„ჩემი პოზიცია ასეთია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებ მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ნაბიჯებს, რასაც ცუდად ვაფასებ, პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი - ეს იყო და არის ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან, რაც არის არა სააკაშვილის, არამედ პრინციპის გამო. ეს იყო ჩვენი პოზიცია მაშინაც, სანამ ის ჩამოვიდოდა - ჩვენ ვამბობდით, რომ თუ ის ჩამოვა, მას დაიჭერენ და ის იქნება პოლიტპატიმარი.
სააკაშვილის შეფასებაზე როდესაც არის საუბარი, მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ის არის პოლიტპატიმარი. გამოვთქვით კიდევაც ეს აზრი, როდესაც ამაზე რეაქცია იყო დასაფიქსირებელი, ოღონდ ამის შემდეგ ჩვენი მკვეთრად განსხვავებული აზრი განსხვავდება იმ ადამიანების დიდი ნაწილისგან, ვინც ახლა ამ სასოწარკვეთას ასხივებს, რასაც არ მოაქვს არანაირი შედეგი გარდა უარყოფითისა - როგორც ზოგადად ქვეყნისთვის, ისე კერძოდ მიხეილ სააკაშვილის ბედისთვისაც. ამაში მონაწილეობა არასწორად მიგვაჩნია და ამას საჯაროდ ვამბობ. ეს იქცა საკუთარი კეთილშობილობის დადასტურების რაღაც პროცედურად, თითქოს „მე რაღაცას ვაკეთებ“, რაც არის ტყუილი. არადა, თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რომ ეს ვითარება ასე არ გადაწყდება. ეს მდგომარეობა აწყობს ივანიშვილის რეჟიმს და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს მას, რათა აჩვენოს დემორალიზაცია“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის წარმომადგენელთა დაცვის სტრატეგია არის არასწორი და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს.
„აქ სააკაშვილის დაცვის რამდენიმე ხაზია. ერთის მხრივ დაცვის ხაზია - „გამიშვი და საქართველოს პოლიტიკაში აღარ ვერევი, აღარ მაინტერესებს საქართველო“, რაც სააკაშვილისთვის და ქვეყნისთვის არის კატასტროფული. ამან ბოლო სასამართლო სხდომაზე ექსტრემალური ფორმაც მიიღო, როცა სააკაშვილმა ქართულად არ ილაპარაკა. ეს ყველა თვალსაზრისით კატასტროფად მიმაჩნია. ამიტომ, ამ მორევში ეს ყველაფერი არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება. მისი მიზანია აჩვენოს უძალობა, ისტერია, ხავსს მოჭიდება.
პრეზიდენტი, რომელიც სთხოვს პუტინისტური რეჟიმის ლიდერს, რომ „გაუშვი იმიტომ, რომ ქართულადაც აღარ ლაპარაკობს, ქართული არხები აღარ აინტერესებს“, ჩემი აზრით, ეს არის სამარცხვინო. ხაჭაპურიძე ხომ არის ამ კამპანიის სახე. ამაზე წაყრუება ეხმარება სააკაშვილის გათავისუფლებას თუ პირიქით, სჯობდა ეს დაცვის ხაზი საერთოდ არ შემდგარიყო?! თუკი რამე აძლიერებს ივანიშვილის სტატუს კვოს, ეს არის ასეთი საქციელი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.