გიორგი ბურჯანაძე - პარლამენტმა სახალხო დამცველი კი ვერ აირჩია, არამედ არ აირჩია - საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, აერჩია დამოუკიდებელი ომბუდსმენი და ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეს

პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც მათ არ მოვწონდით. ჩემ მიმართ არგუმენტი არ მომისმენია. ამ კვირაში დაიწყეს ლაპარაკი, 20 ივნისის აქციებზე რომ ვიყავი, ამის გამო ჩემი არჩევა არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა იმას, რომ გუშინ პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას არ ელოდა. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ჩავარდნას - მე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლება გიორგი ბურჯანაძეს უნდა გაემარჯვა, რადგან იქ იყო ანა აბაშიძეც, რომელიც ასევე სრულად აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს. პარლამენტმა კი ვერ აირჩია, არამედ არ აირჩია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყველანაირი საშუალება იმისა, რომ მას აერჩია დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ამის საშუალება ჰქონდათ და ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეს.

მაგალითად, ჩემთან მიმართებით ერთადერთი არგუმენტი იყო 20 ივნისის აქციაზე და შემდეგ 3 აქციაზე ყოფნა, არადა ამით პირიქით, ძალიან ვამაყობ. ამას გარდა, ჩემთან მიმართებით არაფერი ჰქონიათ. ამ აქციაზე რომ ვყოფილვარ, თურმე ეს არის პრობლემა. რამდენადაც ვიცი, ეს აქცია იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაგარი საპროტესტო აქცია. თავის მართლებას არ ვცდილობ, პირიქით, ძალიან სასაცილო მგონია ეს ყველაფერი.

პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც მათ არ მოვწონდით. მაინც იმედიანად ვიყავი იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემ მიმართ არგუმენტი არ მომისმენია. ამ კვირაში დაიწყო ეს ყველაფერი - ორშაბათს დაიწყეს იმის ლაპარაკი, 20 ივნისის აქციებზე რომ ვიყავი, ამის გამო ჩემი არჩევა არ უნდა მომხდარიყო. ეს არის სასაცილო. 20 ივნისის აქციაზე ჩემი ორი შვილი მყავდა წაყვანილი, მთელი ოჯახით ვიყავით წასული და ძალიან ბედნიერი ვიყავი იქ რომ ვიდექი და ძალიან ვამაყობ ამ დღით. ამის გამოყენება ვიღაცის წინააღმდეგ არის აბსურდი, სისულელე და თავს ვიკავებ, რომ ეს სხვა სიტყვებით არ შევაფასო.

ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ამ პროცესში ყველაზე კარგი როლი შეასრულა, რადგან დღეს რომ არ გვყავს ვიღაც ხელისუფლებისადმი ლოიალური ან „გონგო“ სახალხო დამცველი, სწორედ ამის დამსახურებაა. ოპოზიცია რომ შესულიყო შეთანხმებაში, დღეს გვეყოლებოდა ცუდი სახალხო დამცველი. მათი პრინციპულობა იყო ის, რამაც მოგვცა შედეგად ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ იმ კანდიდატს, რომელიც ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებს სახალხო დამცველის მოთხოვნებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ევროპარლამენტმა გასულ კვირას მიღებული რეზოლუციით მას და სახალხო დამცველობის კიდევ ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმა.

„ევროპარლამენტმა გასულ კვირას რეზოლუცია რომ მიიღო, იქ სახელდობრ ვწერივართ 3 კანდიდატი, რომლებიც ვიყავით ნომინირებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ და რომელთაც პარლამენტში შექმნილი კომისიის მიერ საუკეთესო შეფასება მივიღეთ. ევროპარლამენტსაც მიაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სათანადოდ შესაფერისები თანამდებობისთვის. მათ პირდაპირ მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ჩვენ სამიდან მომხდარიყო შესაბამისი შერჩევა. ამ რეზოლუციას 1-2 პოლიტიკური ჯგუფი არ უჭერდა მხარს - რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ის თითქმის ყველასგან იყო მხარდაჭერილი“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო