ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია და გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაზისუბანში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ მას საკუთარი მშობლები არ მოუკლავს და გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.

როგორც მან განმარტა, გამოძიებისას სამართალდამცავებმა მას უთხრეს, რომ მომხდარის გამო ციხეში ან თავად წავიდოდა, ან მის დას დაიჭერდნენ.

ამასთან, როგორც ბეროზაშვილი განმარტავს, მკვლელობის დღეს სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც დაიკარგა ფულადი თანხა, არარეგისტრირებული იარაღები და ძვირფასეულობა.

ბეროზაშვილი ეჭვობს, რომ აღნიშნული ნივთები სამართალდამცავებმა ქურდობის მიზნით წაიღეს.

მისი თქმით, სამართალდამცავებს ნივთების უკან დაბრუნება მოსთხოვა, რა დროსაც პოლიციაში განუცხადეს, რომ ნივთები უკან მას შემდეგ დაუბრუნდებოდა, თუ მშობლების მკვლელობას საკუთარ თავზე აიღებდა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა.

მან სხდომაზე დაასახელა იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც მშობლების მკვლელობის საკუთარ თავზე აღება მოსთხოვა.

გარდა ამისა, ყოფილმა პოლიციელმა სხდომაზე აღნიშნა ისიც, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

„ჩემ დაზე იყო საუბარი ან შენ ჩაჯდები ან შენი და, თამუნა ბეროზაშვილიო. ვინაიდან ციხის სისტემა ზეპირად ვიცი, არ მინდოდა, რომ ჩემი და ციხეში წასულიყო და ვარჩიე, რომ მე წავსულიყავი ციხეში…. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ”, - განაცხადა გიორგი ბეროზაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც მისი მშობლების გარდაცვალების შემთხვევა მოხდა, ის სახლში არ იყო. ხოლო, მას შემდეგ რაც ტელეფონზე მომხდარი ამბავი შეატყობინეს, საკუთარი ავტომობილით კორპუსთან მივიდა, რა დროსაც დაინახა, რომ კორპუსთან საპატრულო პოლიცია და სახანძროს მანქანები იდგა, სახლში კი საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა.

მისივე განმარტებით, სახლთან მისულს ეზოში მეგობრები და დები დახვდნენ.

დებთან “ფულის ამბავი მოიკითხა”, რომელსაც მისივე მტკიცებით, ოჯახი სახლში ინახავდა.

„მივედი სახლთან, ჩემი ძმაკაცები დამხვდნენ, გამაჩერეს და მითხრეს დაწყნარდიო, მოვიკითხე ჩემი დები ნინო და თამუნა სად არიან-მეთქი. ერთ -ერთი და, თამუნა პოლიციასთან იყო მისული. ჩემ მეორე დასთან, ნინოსთან რომ მივედი მითხრა, არ ვიცი რა ხდებაო. ველოდებოდი ბინაში ჩვენ აშვებას. ჩემ დას ვკითხე ფულის ამბავი ხომ არ მოგვიკითხავს, რადგან ფული იყო სახლში-მეთქი. ასევე ვიცოდი, რომ სახლში იარაღებიც იყო. სამსახურიდან გამომდინარე ერთ-ერთ პოლიციელს ვიცნობდი და ვუთხარი, სახლში იარაღი იყო და არ დაიკარგოს-მეთქი. რაზეც მითხრა, რომ არ ინერვიულოო”, - განაცხადა ბეროზაშვილმა პროცესზე.

მისივე განმარტებით, სახლიდან გამქრალი ნივთების დაკარგვის შესახებ მან პოლიციას მაშინ დაუსვა კითხვა, როდესაც განყოფილებაში მიიყვანეს.

ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი ეჭვი ნივთების დაკარგვის თაობაზე, რა დროსაც, მან ერთ-ერთ პოლიციელს უთხრა, რომ ამ ყველაფერზე გენერალურ ინსპექციაში და სასამართლოში ისაუბრებდა, ამავდროულად, დაკარგული ნივთების უკან დაბრუნება მოითხოვა.

„ვუთხარი, თუ უბედური შემთხვევაა ფული სადაა-მეთქი. ასევე, ვუთხარი, ამ ყველაფერზე სასამართლოში ვიმსჯელებთ-მეთქი”, - აღნიშნა ბეროზაშვილმა.

სხდომაზე კითხვები ბეროზაშვილს პროკურორმაც დაუსვა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდება, რომელიც ბეროზაშვილმა სამართალდამცველების მისამართით გააჟღერა ენით აღუწერელია, რაზეც ბრალდებულმა შემდეგი სახის პასუხი გასცა: “ჩემი მუშაობის პერიოდში ქვემო ქართლში, არაერთი თანამშრომელი დააკავეს ნივთების დაკარგვისთვის, მათ შორის ჩემიც და თუ გნებავთ, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს გეტყვით”, - განაცხადა ბეროზაშვილმა.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი