საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ძმების დავით და გურამ კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ძმების დავით და გურამ კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, ასევე, გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები. მათ შორის იყო ის ჩაფხუტები, რომელიც გამოძიების მტკიცებით ბრალდებულებს ეხურათ. სხდომაზე ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი იყო კაკულიების მიერ ნაქირავები ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი იარაღი: მაკაროვის ტიპის პისტოლეტი, რომლიდანაც გამოძიების მტკიცებით, მოხდა გასროლა და ზიგზაუერის ტიპის იარაღი, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული.

ბრალდების მხარის განმარტებით, ზიგზაუერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს გასროლა არ მომხდარა, თუმცა ამ იარაღთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე წარმოებად მომდინარეობს - როგორ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ძმებ გურამ და დავით კაკულიების მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით გამოიკითხა ჟვანიას მეუღლე, თუმცა ამ დრომდე არ არის გამოკითხული ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია, რადგანაც გამოძიების ეტაპზე ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიას გამოკითხვის მიზნით შესაბამის საგამოძიებო ორგანოსადმი მიმართვა გაკეთდა, თუმცა რომელ ორგანოს, პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ აზუსტებს.

„ვერ დაგიდასტურებთ, თუ რამდენი წლის წინ არის ეს იარაღი დაკარგული, მაგრამ ის ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულების ხელში, ამაზე დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს", - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებულ ძმებს კაკულიებს, სხდომაზე მტკიცებულებების სახით ნივთების დათვალიერებისას მათ არ უსაუბრიათ. დაცვის მხარის განმარტებით კი, ამოღებული იარაღებიდან ერთ-ერთი, მაკაროვის ტიპის იარაღი იდენტიფიცირებული არ არის. რაც შეეხება ყოფილი პრემიერი სახელზე რეგისტრირებულ ზიგზაუერის ტიპის იარაღს, ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარესაც აქვს კითხვები, საიდან აღმოჩნდა ეს იარაღი კაკულიების მიერ ნაქირავებ ბინაში.

ადვოკატს ამ საქმეზე ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ ჟვანიას გამოკითხვას კი, „უბრალოდ დროის დაკარგვად მიაჩნია, რადგანაც იარაღი მაშინ დაიკარგა, როცა ბესარიონ ჟვანია 8-9 წლის იყო”.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი