გიორგი კალანდარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურა კიდევ ერთხელ შესთავაზოს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა კვლავ მიიღოს.

როგორც კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, გადაწყვეტილების მისაღებად მოვლენების განვითარებას დაელოდება.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ზოგადად, მონაწილეებს, ასევე იმას, რა პირობებში განვითარდება კონკურსი. რაც შემეხება მე - მაღალი პასუხისმგებლობა მაქვს მეც, ინსტიტუციასაც და თანამშრომლებს, რომ განვითარების უწყვეტი ციკლი შეჩერებული არ იქნეს. ამის არშეჩერება უზრუნველვყავით ჩვენ, და პირადად მე, და მიუხედავად ამდენი არჩევნებისა და უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ერთი წამითაც არ შეფერხებულა. არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მთელი რიგი უფლებამოსილების ვადების ამოწურვა მოხდა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილი ასევე გამოეხმაურა მასზე ოპოზიციის შეფასებებს, რომ ის „ვადაამოწურული თავმჯდომარეა“ და აღნიშნა, რომ ეს არასწორია და საუბარია არა ვადის გასვლაზე, არამედ უფლებამოსილების გაგრძელებაზე.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა გუშინ პარლამენტის ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს, პრეზიდენტის მოლოდინი, რომ სხვა კანდიდატის არჩევა კონსენსუსით მომხდარიყო, არ გამართლდა.

„ეს ინფორმაცია არასწორია, რადგან საუბარია არა ვადის გასვლაზე, არამედ უფლებამოსილების გაგრძელებაზე იქამდე, სანამ ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება. ამის მიღმა საუბარი რაიმე არაკანონიერებაზე ან გადაცდომაზე საკანონმდებლო მოცემულობის ჭრილში, მანიპულაციურია და ემსახურება იმას, რომ ინსტიტუციის და ჩემი კანდიდატურის დისკრედიტაცია მოხდეს“,-განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გარდა ამისა, კალანდარიშვილმა შეაფასა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მაღალი კვორუმი სჭირდება. მისი თქმით, „ამ წესის ექსპერიმენტმა პრაქტიკაში წარმატებით ვერ იმუშავა“.

„რაც მე, როგორც ერთ რიგით კანდიდატს შემიძლია არის ის, რომ ჩემი საქმიანობით, პროგრესით, საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა დაიმსახურა, დავამტკიცე და ყველა ინდიკატორს გამოვეხმაურე, თუ როგორ შეიძლება, რომ თუ ამის სურვილი არსებობს, ვიყო ე.წ. კონსენსუსური კანდიდატი. რაც შეეხება არსებულ წესს, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი მაღალი კვორუმი ცესკო-ს და ზოგადად, საარჩევნო ინსტიტუციის ხელმძღვანელის არჩევით პოზიციაზე. ამ ყველაფერმა პრაქტიკაშიც გვაჩვენა, რომ ეს წესი არ იყო წარმატებული ამ მოცემულობაში. მაგრამ წესი წესია და უნდა დავემორჩილოთ მას“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს პროფესიული წევრები ვერ აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი იყვნენ გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო