ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

„საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.

„ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ორბელიანის მოედანს, სადაც სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი გაიმართება. გელოდებით, ერთად გავატაროთ ეს სასიამოვნო დღეები. ჩავიფიქროთ მნიშვნელოვანი სურვილები, რომ 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული, სიცოცხლით, სიყვარულით სავსე იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავიფიქროთ მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელი“ ფლეშმობით გაიხსნა, რომელიც სცენაზე თოვლის ბაბუას შემოსვლით დასრულდა. საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი, ასევე, მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერი და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობდნენ. ორბელიანის მოედანზე მდებარე „ქარავანის სცენაზე“ კი დათო ევგენიძის და ბენდის კონცერტი გაიმართა.

„საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის. აღნიშნულ სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე და ა.შ. ასევე, გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 3-კვირიანი მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, ჯერონიმოსა და ბენდს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს "შობის მოლოდინში", თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძეს და ერეკლე გეწაძეს, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას.

საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი