რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასში“ ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეჩერო, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით ემსახურება.

უწყების ცნობით, ელექტროენერგია თბილისის 700 000-მდე მომხმარებელს მიეწოდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „თელასში“ სტუმრობისას, მინისტრის მოადგილე კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომლებს შეხვდა.

მისი თქმით, ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

„თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ და თბილისელების სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კომპანიის წარმატება განპირობებულია სწორედ თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით. „თელასში“ მრავალი თაობა აღიზარდა. ადამიანები ეუფლებიან პროფესიას და ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემენ. რაც შეეხება მომავალს, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კომპანიის მუშაობა ყოველთვის იქნება მიმართული თბილისის გამანაწილებელი ქსელის სრულყოფაზე და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საიმედო ენერგომომარაგებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კომპანიის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილე, ასევე, გაეცნო „თელასის“ მრიცხველების თანამედროვე ლაბორატორიის მუშაობას, სადაც შემოწმებას გადის როგორც ელექტრონული, ისე მრავალფუნქციური სმარტ მრიცხველები. დამოწმებას კი, მეტროლოგიის სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ლაბორატორიაში მოწმდება როგორც ახალი, ასევე მომხმარებელთა მრიცხველები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო