თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდის შემდეგ სრულმასშტაბიანი სწავლება პირველად გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, პანდემიის შემდეგ, პირველი სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ბოლო პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტმა, „ტავ ურბან საქართველომ“, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველომ, შსს-ს საპატრულო და თბილისის დეპარტამენტის ტერიტორიულო დანაყოფებმა, სუს-ის განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შპს „საქაერონავიგაციამ“, ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ და „დავით ტატიშვილის კლინიკამ“ მიიღო.

„სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე ერთდროულად სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობდა: ერთი სცენარის მიხედვით, საჰაერო ხომალდთან ასაფეთქებელი მოწყობილობა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით გააუვნებლეს, ხოლო მეორე სცენარით, საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია განხორციელდა.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, დასკვნითი ბრიფინგი გაიმართა, რომელიც საავიაციო უშიშროების მიმართულებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, დავით ჯაბუამ შეაჯამა.

,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ბოლო და ამავე დროს, პანდემიის შემდეგ, პირველი სრულმასშტაბიანი სწავლება ჩავატარეთ. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და სწავლებისას საერთაშორისო სტანდარტები მაქსიმალურად დაცული იყო“, - განაცხადა დავით ჯაბუამ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება, პერიოდულად, ICAO-ს მოთხოვნის საფუძველზე, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მსგავსი სწავლებების მიზანია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საგანგებო შემთხვევების დროს უნარ-ჩვევების მაქსიმალურად დროული გამოვლენა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს