მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურორს, მოსამართლე გიორგი არევაძეს და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ლონდონის ოფისს საქმეში დაშვებულ შეცდომებზე წერილობით მიმართა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარემ წერილი თავისი დანართებით გაუგზავნა საგამოძიებო სამსახურს, ასევე გენერალურ პროკურორს, მოსამართლე გიორგი არევაძეს და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ლონდონის ოფისს.

ადვოკატის თქმით, წერილში აღწერილია ის დარღვევები, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილთან შესვლისას უშვებს, ასევე ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს სპეციალური ლიცენზია იმისთვის, რომ ჩაატაროს თმებზე, ფრჩხილებზე, სისხლსა და შარდზე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა მძიმე მეტალების აღმოსაჩენად.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ დაცვის მხარე თანახმაა სააკაშვილს ჩაუტარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა კანონის სრული დაცვითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით,

„ახლა შესულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ითხოვს აღებულ იქნას სხეულიდან ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად. ჩვენი მხრივ განცხადება იქნება წარდგენილი, წუხელ არის გაგზავნილი, საგამოძიებო სამსახურში, ასევე გენერალურ პროკურორთან, მოსამართლე გიორგი არევაძესთან და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ლონდონის ოფისში. გამომძიებელი უკვე იმდენჯერ იყო მოსული, არც ერთხელ არც ერთი დადგენილება არ მოუტანია, რა ექსპერტიზას ატარებს, არ წარმოუდგენია არც ერთხელ არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, არ წარმოუდგენია ექსპერტები, ვინც უნდა აუღოს პატიმარ სააკაშვილს ნიმუშები და ნიმუშების აღება სთხოვა „ვივამედის“ თანამშრომლებს. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის სხეულში არის აღმოჩენილი ტოქსიკური ნივთიერებები და გამოძიების ფარგლებში შეიძლება დაიკითხონ თავად „ვივამედის“ თანამშრომლებიც და მათი მხრიდან ამ ნიმუშების აღება კანონის უხეში დარღვევა იყო. ერთხელ ჩვენ უკვე მივეცით ეს ნიმუში. ასევე, არ აუღია წერილობითი ნებართვა არც ერთხელ ავადმყოფ პაციენტთან შეეძლო თუ არა მას შესვლა და რაიმე ნიმუშების აღება. არ წარმოუდგენია საექსპერტო-სამედიცინო დასაბუთება, რომ ავადმყოფი პატიმარი, რომელსაც 38 სიცხე და მაღალი წნევები აქვს, ეს იმოქმედებდა თუ არა ანალიზების სიზუსტეზე. გამომძიებელი არ დაინტერესებულა სახალხო დამცველისა და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნებით თუ რა დაავადებები აქვს სააკაშვილს და ამის მიუხედავად, მხოლოდ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე აკეთებს აქცენტს, მაშინ როდესაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით აღძრული აქვთ თავად სისხლის სამართლის საქმე. ითხოვს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის ჩატარებას, თუმცა არ წარმოუდგენია არც ერთი დოკუმენტი კონკრეტულად, რა მეთოდებით უნდა ჩატარდეს საექსპერტო კვლევა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელსაც, ხაჭაპურიძის შეფასებით, აქვს მკვეთრად გამოხატული მტრული დამოკიდებულება სააკაშვილთან, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ ბიუროში კვლევის ჩატარებას.

„საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ასევე ყოველ წელს სამხარაულის საექსპერტო ბიურო ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს ღარიბაშვილს, ჩვენ სასამართლო პროცესზე გავაჟღერეთ და აქაც გვიწერია, ღარიბაშვილის გამონათქვამები. ღარიბაშვილი არ მალავს, რომ სააკაშვილის პირადი მტერია, შესაბამისად, ღარიბაშვილის პირად საკუთრებაში არსებულ საექსპერტო ბიუროში ამ ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. ასევე, რატომღაც სულ რამდენიმე დღის წინ საექსპერტო ბიუროს მილიონიანი ბიუჯეტი გაიზარდა კიდევ მილიონნახევრით, რომელიც გამოაკლდა საპატრიარქოს და იუსტიციის სამინისტროს, რა დამსახურებით- უცნობია. სააკაშვილი ერთხელ დათანხმდა ანალიზების აღებას, აუღეს სისხლის ანალიზი, მოვიდნენ და კიდევ თქვეს, რომ 20 მილიგრამი უნდა იქნას დამატებული, რატომ, რა მიზეზით და ამდენი ხანი სად ინახებოდა ეს სისხლის ანალიზები, რომელიც აიღეს- გაურკვეველია. გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველის, ისე ცენტრი „ემპათიას“ და ამერიკელების გაცემული დიაგნოზებით სააკაშვილს აქვს დემენცია და მიუხედავად ამისა, გამომძიებელი, რომელიც ამჟამად იმყოფება, შეუვარდა პაციენტს პალატაში, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გაუარესდა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, 2010 წლის 30 აგვისტოს #255 დადგენილებით დამტკიცებულია ლიცენზიების წესი და სამხარაულს არ აქვს შესაბამისი ლიცენზია, რომ ჩაატაროს თმებზე, ფრჩხილებზე, სისხლსა და შარდზე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა მძიმე მეტალების აღმოსაჩენად. შესაბამისად, ჩვენ თანახმა ვართ, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ოღონდ კანონის სრული დაცვით. მეორე, ჩატარდეს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ან ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებაში, ისე რომ უცხოეთის ბიუროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, აიღონ, დალუქონ, წაიღონ და გასცენ ექსპერტიზის დასკვნა და იმავდროულად, ამ პროცედურების ჩატარებაში დაწყებიდან დამთავრებამდე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ მიერვე მოწვეულმა ექსპერტებმა და გარდა ამისა, ვთხოვთ ადრესატებს, ვისაც გავუგზავნეთ ეს განცხადება, მოგვცენ შესაბამისი რეაგირება და გაგვცენ პასუხები“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო