მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ, როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოშიმშილე დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რაც შეეხება თავად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წითლიძის თქმით, ის პატივს სცემს ექიმების რეკომენდაციას, თუმცა, რჩება ურყევი თავის გადაწყვეტილებაში და განაგრძობს პროტესტის ამ ფორმას იქამდე, ვიდრე ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას მისცემს.
„პირველ რიგში, დღეს ჩემი შიმშილობის მეათე დღეს მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ხდება ახლა მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს.
რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არაერთხელ ვთქვი, რომ სანამ მომცემს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა შიმშილობის გაგრძელების შესაძლებლობას, მანამდე მე ამას გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“,- განაცხადა ანა წითლიძემ.