პრემიერი - ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

წლევანდელი წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენით - ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველას მოლოდინი იყო, რომ საქართველო მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„სამწუხაროდ, ყველას გვესმის, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ გაცილებით, 2-ჯერ, 3-ჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით რეფორმების შესრულების კუთხით, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ გასაგებია, გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გამო, რომ ქვეყანა ომში იმყოფება და მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია. კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს - მოლდოვას და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით, სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული სრულყოფილად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათ გარკვეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, რადგან ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე - ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ „პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული კანონპროექტები გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მთავრობა მათ დასკვნებს ელოდება, რის შემდეგაც ადაპტირებას შესაბამისად მოახდენს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ქვეყანა მიმდინარე წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ამთავრებს.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ომიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ნეგატიური ეფექტების და გავლენების შემცირება - ამ რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მაშინ, როცა ევროპაში არის ძალიან ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის რეცესია, რეალურად ძალიან არაპროგნოზირებადი გარემო არის შექმნილი მსოფლიოში. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც ასე იყო და წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო