საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე „ჩხიკვთა ქორწილის“ პრემიერით წარდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ - „მოდინახე“, სპექტაკლის პრემიერა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპექტაკლს, რომელიც სტუ-ის საიუბილეო დღეების პროგრამის ფორმატში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დაარსებიდან 65 წლისთავს მიეძღვნა, სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და ასევე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაყურებლების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ , რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ დადგმული, ალექსანდრე ბასილაიას მუსიკალური კომპოზიციით - „ჩხიკვთა ქორწილი“ წარსდგა.

როგორც „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, ნუგზარ ბუცხრიკიძე აცხადებს, თეატრ-სტუდიის არაპროფესიონალი მსახიობები სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, რათა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დაარსებიდან 65 წლის ფარგლებში მიძღვნილ ღონისძიებაზე ღირსეულად წარედგინათ ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლი.

„საქართველოში და არა მხოლოდ, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები და მათ შორის, „ჩხიკვთა ქორწილი“ ძალიან პოპულარულია. როდესაც მისი დადგმა გადავწყვიტე, სტუდენტებისგან წამოვიდა იდეა, თანამედროვე ელემენტები შეგვეტანა მიუზიკლში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კომპოზიცია გამოგვივიდა. რაც შეეხება მონაწილეებს, თამამად ვიტყვი, რომ მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, რაც აისახა კიდეც დარბაზის რეაქციაში - იყო სრული ანშლაგი და ტაში, რომელიც მსახიობისთვის, მითუმეტეს, არაპროფესიონალისთვის, ძალიან ამაღელვებელი და სტიმულის მიმცემია. მთელი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები, ახალგაზრდები ლექციების შემდეგ მოდიოდნენ და გვანობამდე რჩებოდნენ თეატრში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ მონდომებისათვის. ჩვენ გვყავს ახალი ნაკადი დამწყები მსახიობებისა, რომლებიც მიუზიკლში მონაწილეობენ. სიმბოლურია, რომ სცენაზე მათი წარმატება სტუ-ის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ხდება. არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერა, სტუ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა. მადლობა მათ და ჩვენი თეატრ-სტუდიის ფანკლუბს“, - აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტის, გიორგი ტალახაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და ფაკულტეტის დეკანატი სტუდენტებს შესაძლებლობებს აძლევენ, სასწავლო პროცესის გარდა, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელოვნებო ღონისძიებებში, ასევე, სპორტული მიმართულებით.

„მიუზიკლში მეორე ხარისხოვანი როლი მაქვს, თუმცა პირველი ნაბიჯისთვის ეს არის ძალიან საინტერესო და ამავე დროს მოტივაციის ასამაღლებელი. არ არის ადვილი მონაწილეობდე ალექსანდრე ბასილაიას საყოველთაოდ აღიარებულ მიუზიკლში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს უნივერსიტეტს მივულოცო 100 წლის იუბილე, ჩემს ფაკულტეტს კი დაარსებიდან 65 წლისთავი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის და მენეჯერის, ზაზა ბუაჩიძის მხარდაჭერის შესახებ. მოგეხსენებათ, პირველკურსელისთვის ყველა დეტალს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როცა გრძნობ რექტორის გვერდში დგომას, როცა გრძნობ, როგორ გიჭერს მხარს ფაკულტეტი, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რომ შენში არსებული ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგცეს, ეს არის დიდი სიხარული და ვალდებულება, რომ გაამართლო მათი ნდობა, როგორც სცენაზე, ასევე პროფესიაში. მადლობა მათ ამ ზეიმისთვის“, - განაცხადა გიორგი ტალახაძემ.

სპექტაკლის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას და მოყვარულ სტუდენტ მსახიობებს სიტყვით სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მიმართეს.

რექტორმა მადლობა გადაუხადა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ რეჟისორს, მიუზიკლის მონაწილე სტუდენტებს.

„პირველ რიგში მადლობა მიუზიკლის ყველა მონაწილეს, რომელთაც შესანიშნავი საღამო გვაჩუქეს. მადლობა რეჟისორს, ფაკულტეტს. ჩვენს თეატრს 75 წელი შეუსრულდა და ამ ხნის მანძილზე არაერთი ღირსშესანიშნავი სპექტაკლი აჩუქა საზოგადოებას, სტუდენტებს, თანამშრომლებს. აქ, ამ სცენაზე ფეხი აიდგა მრავალმა სახელოვანმა მსახიობმა. დარწმუნებული ვარ, სტუდენტებს, რომელთაც დღეს ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებლისათვის დიდი სიამოვნება მიენიჭებიათ და „მოდინახეს“ სცენაზე გაეცოცხლებინათ ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი მიუზიკლი, დიდი წარმატება ელით, როგორც პროფესიულ, ასევე სამსახიობო სფეროში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დასი არნახული ენთუზიაზმით შეხვდა ჩვენს ინიციატივას, საქართველოს რეგიონებში საიუბილეო ტურნეს ჩატარების შესახებ. გაოცებული და ბედნიერი ვართ იმ დიდი წარმატებით, რაც „მოდინახემ“ საქართველოს რეგიონებში გასტროლებისას მაყურებლისგან დაიმსახურა. ასევე, სასიხარულოა, რომ საუნივერსიტეტო თეატრი ღირსეულად წარსდგა მალტის წლევანდელ ფესტივალსა და შვედეთში ქართული კულტურის დღეებზე. წარმატებები დასს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა თეატრ-სტუდიას, რეჟისორსა და სტუდენტებს.

„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით მადლობას მოვახსენებ თეატრ-სტუდიას, რეჟისორს და განსაკუთრებით სტუდენტებს. მადლობა მათ ამ დიდი ზეიმისა და შრომისთვის. არსებობის 75 წლის მანძილზე, თეატრი იყო და არის ამ დიდი საინჟინრო უმაღლესი სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. სასიხარულოა, რომ ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ შეძლო თეატრის სიცოცხლის გახანგრძლივება და დღეს „მოდინახეს“ სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ს ცნობით, თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი ახალი სპექტაკლით მალე წარდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო