სომხეთმა და საქართველომ წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღნიშნეს. სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ექსპერტი ჰასმიკ მელიკსეტიანი საუბრობს.
- როგორ აფასებთ სომხურ-ქართული ურთიერთობების დინამიკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
- დინამიკა საკმაოდ მაღალია. მსოფლიოსათვის და განსაკუთრებით რეგიონისთვის ამ რთულ წელს, სომხეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში საინტერესო დინამიკა და აქტიურობა დაფიქსირდა. იყო მაღალი დონის ვიზიტები, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეები. 2022 წელს აქტიური იყო შეხვედრები სამინისტროების დონეზეც. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრა და დისკუსია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ შეხვედრების შედეგად წამოჭრილი და გადაწყვეტილი საკითხები, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების სტაბილურობასა და განვითარებას. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული კავშირების მქონე სომხეთმა და საქართველომ წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.
- რა მნიშვნელობა ჰქონდა 2022 წელს ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის განხორციელებულ ვიზიტებს?
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორმხრივ ვიზიტებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს თვალსაჩინო ღონისძიებები ვიზიტების ეფექტურობის შესაფასებლად. თუმცა, ძალიან ხშირად საზოგადოება მათ შედეგებს მხოლოდ ოფიციალური, სამუშაო ვიზიტების შემდეგ ხედავს, მაგალითად, სომხურ-ქართული „მეგობრობის ხიდის“ ოფიციალური ინაუგურაცია ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგოზე, სახელმწიფოთაშორის საზღვარზე. რა თქმა უნდა, პროცესების დაჩქარებით მხარეები სარგებელს ნახავენ, მაგრამ არის ორმხრივი ვიზიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ დიალოგს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ახალი რეალობის კონტექსტში. წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმა, რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა პარლამენტების სხვადასხვა კომიტეტებს შორის, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მომავალი წლის დასაწყისში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომისთვის.
- საქმიანობის რომელ სფეროებში ხედავთ სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე დიდ პოტენციალს? (ეკონომიკა, განათლება, კულტურა და ა.შ.)
- ტრადიციულად, ეკონომიკა რჩება სომხურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროდ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის შედეგები ბოლომდე არ გამოჩენილა, სომხეთი მე-6 ადგილზეა საქართველოს 10 ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და აღნიშნულის კიდევ უფრო განვითარებისთვის შესაძლებლობაც არსებობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენერგეტიკის სექტორი, რომელსაც მხარეებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საქართველომ 2022 წელს სომხეთიდან ისევ იყიდა ელექტროენერგია, რომლის მოცულობაც იმედისმომცემია.
მინდა ხაზი გავუსვა ორ მიმართულებას, სადაც სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში გვექნება თანამშრომლობის სამაგალითო სფეროები. საუბარია მედიცინაზე და სამხედრო მედიცინაზე. ბოლო წლებში სომეხი და ქართველი ექიმების გადაუდებელ პირობებში მუშაობა შეიძლება გამოცდილების გაცვლისთვის სერიოზული პლატფორმა გახდეს. Covid-ის, ასევე არცახსა და სომხეთის რესპუბლიკაში საომარი ოპერაციების გამო, სომეხმა ექიმებმა დააგროვეს უზარმაზარი გამოცდილება საგანგებო სიტუაციებში მუშაობის მხრივ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხური მხარე მონაწილეობდა საქართველოში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში საველე ჰოსპიტლით, ვფიქრობ, ეს სფერო ასევე შეიძლება შევიდეს თავდაცვის თანამშრომლობის წლიურ გეგმაში და ორმხრივი წვრთნები როტაციული პრინციპით განხორციელდეს. უფრო მეტიც, ეს შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენ გვყავდეს სამხედრო ექიმები, რომლებიც ყოველთვის მზად იქნებიან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის ან კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისთვის.
განათლების სექტორს ასევე აქვს ახალგაზრდული კავშირების განვითარების დიდი პოტენციალი. არსებობს ერთობლივი სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სომეხ და ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში. როგორც საქართველოში განათლებამიღებულმა სპეციალისტმა, უნდა განვაცხადო, რომ საგანმანათლებლო სექტორს დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებში ურთიერთდაფასების, პირადი კავშირების შექმნისა და მეგობრობის კუთხით.
ასევე უამრავი შესაძლებლობები არსებობს ერთობლივი კულტურული ინიციატივებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ტურიზმის სფეროში უკვე იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგალითად, საერთაშორისო ტურისტებისთვის სპეციალური ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზების სახით.
- მზად არის თუ არა საქართველო იმისათვის, რათა შუამავლის როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში? ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველო იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
- აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპზე ოფიციალური თბილისი გამოვიდა სხვადასხვა საშუამავლო ინიცტივებითა და წინადადებებით. ჩვენ გვაქვს ქართული შუამავლობის წარმატებული პრეცედენტი, როდესაც ბაქოში უკანონოდ დაკავებული სომეხი ჯარისკაცების ჯგუფი სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში ასევე გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე რეგულარულად ეწყობა სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების და ცალკეული ჯგუფების დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ქართული პლატფორმის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არ აქვს საკმარისი ძალა კონფლიქტის მოგვარების პროცესში მხარეებზე ბერკეტების განსახორციელებლად, როგორც ამას ზოგჯერ რეგიონს გარეთ არსებული აქტორები აკეთებენ. გარდა ამისა, საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს როლის მიმართ ორაზროვანია აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დონის, ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ეფექტური შუამავლობისთვის ლოგიკური იქნებოდა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთნაირი დონის ურთიერთობა: თუმცა სომხეთთან ურთიერთობა ამჟამად მოიხსენიება, როგორც მეგობრული.
ასევე, საქართველოს ოფიციალური პირების მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის სხვადასხვა დროს გაცხადებული მზადყოფნის გათვალისწინებით, ძნელი გასაგებია დემოკრატიული საქართველოს დუმილი აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო და განგრძობადი ბლოკადის მიმართ, განსაკუთრებით მისი ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, მათ შორის მთიან ყარაბაღში მცხოვრები 30 000 ბავშვისთვის.
- სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო საომარი მოქმედებების შემდეგ, სომხურ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდასავლური განწყობები. როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს სომხეთის სამომავლო საგარეო ვექტორზე და რა როლი შეიძლება შეასრულოს ამაში საქართველომ?
- ათწლეულების მანძილზე სომხეთი ცდილობდა დაებალანსებინა თავისი საგარეო პოლიტიკა და მჭიდროდ ეთანამშრომლა აშშ-სთან და ევროკავშირთან. ამას მოწმობს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება. გარდა ამისა, ეუთოს მინსკის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარე საფრანგეთი და აშშ-ა და სომხეთი დიდ ყურადღებას უთმობს ამ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას. რაც შეეხება 2020 წელს, არცახის ომის შემდეგ, ევროკავშირის შუამავლის როლი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენ რეგიონულ მოვლენებში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მოწმენი ვართ.
- რა მნიშვნელობა აქვს ერთობლივ სომხურ-ქართულ რეგიონულ პროექტებს? რომელ სექტორებს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება?
- რაც უფრო მეტი რეგიონული პროექტი იქნება სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, მით მეტი იქნება ინტერესების გადაფარვა, რაც დადებითად აისახება ურთიერთობებზე და ორმხრივი საკითხების გადაწყვეტაზე. სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი როგორც რეგიონული, ასევე სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეგიონული პროექტების განსახორციელებლად ორივე ქვეყანამ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჰარმონიზაციის სამუშაოები. ჩრდილოეთ-სამხრეთის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის პროექტები ეფექტური იქნება ყველა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მათი ერთმანეთთან მორგების მხრივ. ინდოეთთან და ირანთან მსგავს პროექტებში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.