ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს ცნობით, ომიაძე სხვადასხვა დროს ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს.

„მაია ომიაძეს საჯარო სექტორში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მისი განათლება, უნარები და მრავალწლიანი გამოცდილება ახალ ბიძგს მისცემს ადმინისტრაციის მუშაობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის - ტურიზმის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ადმინისტრაცია შეძლებს არა მხოლოდ წინსვლას და განვითარებას, არამედ დარგში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მაია ომიაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, უხელმძღვანელოს ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

„საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია - ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით