კახა კალაძე - ოპოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან - საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა

საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას.

კახა კალაძემ აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.

„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო