ლევან დავითაშვილი - ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ძალიან დიდი როლი და სჭირდება გამოცდილი ხელმძღვანელი, ასეთია მაია ომიაძე

ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ძალიან დიდი როლი და სჭირდება გამოცდილი ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მაია ომიაძეს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და მას ის უნარები გააჩნია, რომელიც ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს სჭირდება.

„ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ძალიან დიდი როლი და მომავალში ექნება კიდევ უფრო მეტი როლი და რა თქმა უნდა, მას გამოცდილი ხელმძღვანელი სჭირდება. ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და საკმაოდ მაღალი ნდობაც, ასეთია მაია ომიაძე. ის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია დიდი ხანია, მას გააჩნია მარკეტინგის, ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება, ასევე ტურიზმთან და კურორტების განვითარების მიმართულებით. ის მუშაობდა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში, შესაბამისად, მისთვის ეს სექტორი ძალიან ნაცნობია ის ბოლო წლების განმავლობაში, სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, ბევრ სფეროსთან ჰქონდა შეხება, მათ შორის, ტურიზმის სფეროსთან.

რაც შეეხება პრიორიტეტებს - ცალსახაა, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ტურიზმის კანონი და ის არის მიღების პროცესში. შესაბამისად, ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტები უნდა აისახოს ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტში. ეს ბუნებრივიც არის და ამიტომ მთავარი ამოცანა ახალი ხელმძღვანელის არის, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ საკანონმდებლო პროცესში იმისთვის, რომ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული პოლიტიკა, რომლის სწორად აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაცია“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება