ნიკოლოზ სამხარაძე - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ელჩებს იმ ქვეყნებში, სადაც 30 წლიან ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ისტორიული ვიზიტები პირველად გაიმართა

2022 წელი საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით იყო ყველაზე აქტიური წელი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პარლამენტის მხრიდან, არ მახსოვს ამდენი ვიზიტი განხორციელებულიყოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქვეყნებში ჩვენს ელჩებს, სადაც 30 წლიან ისტორიაში პირველად გაიმართა საპარლამენტო ვიზიტები , - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ელჩების კონფერენცია-2022" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რთული პერიოდის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუდმივად ცდილობს ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური პროგრესი ქვეყნის გარეთ გაიტანოს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატებს აქვთ გარკვეული საზღვრები, თუმცა ჩვენ იმისთვის გვაქვს საპარლამენტო დიპლომატია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკოსებთან განსაკუთრებით მწვავე თემებზე ვისაუბროთ და ავუხსნათ მათ, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. რადგან, ობიექტური პრობლემების და უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვებრძვით დეზინფორმაციის ძალიან დიდ ნიაღვარს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა მოითხოვს იმას, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა იყოს ძალიან აქტიური, რათა საპარლამენტო კონტაქტების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის კარგად წარმოჩენა.

„საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვის, საარჩევნო რეფორმის კუთხით და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პოზიტივი მაქსიმალურად გავიტანოთ ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი. მსგავსი მემორანდუმი წელს სომხეთთან გავაფორმეთ და უკვე ყოველწლიურად, საქართველოს და სომხეთის საგარეო კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ. ასეთივე ფორმატი გვაქვს უკრაინასთან და მოლდოვასთან, რომელიც სამწუხაროდ, არსებული ვითარების გამო სრულად ვერ ავამუშავეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც გვჭირდება მეტი ინიციატივები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე, საპარლამენტო ასამბლეების მნიშვნელობაზე და მათში საქართველოს პარლამენტის დელეგაციების აქტიურობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა აკადემიურ და საექსპერტო წრეებთან თანამშრომლობის უფრო მეტად გააქტიურებაზე.

ელჩების კონფერენცია ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი