მარიამ ქვრივიშვილი - ბაკურიანში მოწყობილი მასშტაბური ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ტბის რეზერვუარები და გათოვლიანების სისტემები უზრუნველყოფს, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბაკურიანში, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ბურჭულაძესთან ერთად, მარიამ ქვრიშვილმა დიდველსა და მიტარბიზე მოწყობილი ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი და გათოვლიანების სისტემები დაათვალიერა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტბის ხელოვნურ რეზერვუარებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი ექნება და გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.

„ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყების ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილია სპეცტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა, დაახლოებით, 300 მლნ ლარის ინვესტიცია.

მათივე ინფორმაციით, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება და ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო