დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომ განთავსდა საახალწლო ინფრასტრუქტურა ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის წინ.
მერის თქმით, დახლები ორბელიანის მოედანზე დედაენის ბაღში მომუშავეების თხოვნით გადმოიტანეს.
„არაფერი შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე საშობაო სოფელი მოწყობილი, ასევეა გაკეთებული. რადგან დედაენის ბაღში მომუშავე ადამიანებმა სიცივის გამო გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, ამ სივრცეების დამატება მოხდა, მეტი არაფერი. არანაირი დისკომფორტი არ იქმნება. პროტოკოლით როგორცაა გათვალისწინებული - უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველაფერი ისეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას.