რობერტ ჰამილტონი - ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება ქვეყნისთვის

ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს არის ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკმა, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, ომის კოლეჯის პროფესორმა რობერტ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მან უპასუხა კთხვას, თუ რას ნიშნავს ომის ეს 10 თვე საქართველოსთვის? ბუქარესტიდან ბუქარესტამდე - რა ტიპის დახმარება სჭირდება საქართველოს ნატოსგან და რისი დანახვა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა რისკები არსებობს თბილისისთვის მაშინ, როცა განგრძობითად გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს „საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“?

ჰამილტონის თქმით, ნარატივი, რომ ნატოს და დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, უბრალოდ სიყალბეა, რაც მათაც იციან, რომლებიც ამას ამბობენ და აღნიშნულს სწორედ იმ პოზიციის გასამართლებლად აკეთებენ, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან, მკვლევარის აზრით, ალიანსს სჭირდება საქართველოს სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე.

- სამწუხაროდ, ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.

ასე რომ, რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? ალიანსს სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში”,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეცვალა ამ ომმა ალიანსშიც იმის აღქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყანაში თავდაცვის გაძლიერება, მკვლევარი აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს და ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა.

“ვფიქრობ, ზოგადად, საქართველომაც, უკრაინამაც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც გაიგეს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ჩვენ ეს ყველას გვეგონა. მაგრამ ასევე, უფრო მეტადაა მზად წავიდეს რისკზე და გამოიყენოს სამხედრო ძალა. ეს არის უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი რუსეთი, რომელიც იმაზე მეტ რისკზეა წამსვლელი, გეოპოლიტიკური და ეროვნული კუთხით, ვიდრე ჩვენ ვიფიქრებდით, მაგრამ ბევრად დასუსტებული რუსული ჯარიც კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხეა საქართველოსთვის.

რაც შეეხება ნატოს წევრობას, საქართველო შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნებს შევადაროთ. საქართველოს არ აქვს ის, უპირატესობა, რაც მათ: საქართველოს არ ჰყავს ორი მეზობელი, რომელიც ასევე ნატოს წევრი უნდა გახდეს ან თუნდაც პოლონეთის მსგავსი ქვეყანა. შეგვიძლია ვიდავოთ, რომ თურქეთი ასრულებს პოლონეთის როლს საქართველოსთვის, როგორც ნატოს წევრი, დიდი ქვეყანა მის საზღვრებთან, რომელსაც შეუძლია ერთგვარად შეაჩეროს რუსეთი. მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ყოველთვის ერთად და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით მიდიოდნენ წინ თავიანთი თავდაცვის კუთხით. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. სამხრეთ კავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან და არცერთი მათგანი არაა ნატოს წევრობის სერიოზული კანდიდატი. ასე რომ, საქართველო გარკვეულწილად მარტოა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მან საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. ვფიქრობ, ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა”,- დასძინა მან.

ჰამილტონს კითხვა დაუსვეს, რომ კონგრესში ცოტა ხნის წინ საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ და რას ფიქრობს ამ პროცესზე ან ამერიკის დახმარების საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირების აუცილებლობაზე, რაზეც ამერიკელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვას, ტრაგიკულია.

“ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის“,- დასძინა ჰამილტონმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო