ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა, რომ ეუბნება ვინმეს, შენ მონტე - კარლოდ გაგხდიო, მინიმუმ ლუქსემბურგის დონეზე ხომ უნდა ვიყოთ?! - ძალიან სასაცილო იყო , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, სადაც პრემიერის მიერ წარდგენილი 2022 წლის ანგარიში შეაფასა.
კერძოდ, მან პრემიერის განცხადება შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო - გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“.
რაქვიაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკაში „სრული კატასტროფა და ჩავარდნა აქვს, წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ“.
„ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა, რომ ეუბნება ვინმეს, რომ შენ მონტე-კარლოდ გაგხდი, მინიმუმ ლუქსემბურგის დონეზე ხომ უნდა ვიყოთ?! აი, საქართველო რომ ხარ და საქართველოს მთავრობა, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი და ვიღაცას ეუბნება მონაკოდ გაგხდიო, ეს ძალიან სასაცილო იყო. პოტენციალი ყველას აქვს, ჩვენც გვაქვს. სიმდიდრეს ხომ ადამიანები ქმნიან? ჩვენც შეიძლება გავმდიდრდეთ. ეს მთავრობა ხელს გვიშლის. მოდი, გავხდეთ ლუქსემბურგი ჯერ და შემდეგ ვუთხრათ აფხაზებს, თქვენც რომ შემოგვიერთდეთ, ერთად მონტე-კარლო ვიქნებით.
„ქართულ ოცნებას“ თუ სადმე ჩავარდნა აქვს, რომ შეაფასო კვალიფიკაცია, ეკონომიკაში სრული კატასტროფაა. წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ. ისეთი სიამაყით ამბობენ ისეთი რაღაცებს, რაც მე შემრცხვებოდა“, - აღნიშნავს რაქვიაშვილი.
როგორც რაქვიაშვილი განმარტავს, თუ ხელისუფლებას მართლაც უნდა რაიმეს გაკეთება, აფხაზებთან წესიერი ეკონომიკური ურთიერთობა უნდა უზრუნველყონ.
„თუ მართლაც უნდათ რაიმეს გაკეთება, გავხსნათ აფხაზებთან ვაჭრობა. სიგარეტის გამო რომ ვიჭერთ ხალხს საზღვარზე. კრიმინალებად ვაქციეთ და ციხეში გვიზის ასეთი ხალხი. თუ ჩვენ გვინდა აფხაზებთან წესიერი ეკონომიკური ურთიერთობა, გავუხსნათ „საზღვარი“ და შემოიტანონ რაც უნდათ“, - აღნიშნავს რაქვიაშვილი.