ლატვიის ელჩი საქართველოში - ახლა, როდესაც  ევროკავშირის კარი ღიაა, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისთვის.

როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რა შეიძლება იყოს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და რა გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა ლატვიაზე ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობა დაწესა. თქვენი დაკვირვებით, როგორ ახორციელებს საქართველო ევროკავშირის ამ რეკომენდაციებს? ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხედავთ რაიმე პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის რეფორმის, პოლიტიკური დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით?

- დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მხრიდან ამ თორმეტი რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ახლა შეფასებების გაკეთება ნაჩქარევი იქნება, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს დრო. განრიგის მიხედვით, რეკომენდაციების შესრულების შეფასება მხოლოდ გაზაფხულზე დაიწყება და შემდეგ ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა ოქტომბერში იქნება მოსალოდნელი. შემდეგ კი, წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭო გააკეთებს შეფასებას საქართველოს მიღწევების შესახებ. აშკარაა, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა ძლიერი სურვილი, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე რომ, ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და მჭიდროდ იმუშაოს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მისასალმებელია, კომპრომისზე წასვლა. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი მათ შეაფასებს, თუ რამდენად შეასრულეს მათ საკუთარი მოვალეობა.

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. საჯაროდ ბოლოს გამოჩენის შემდეგ აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორია თქვენი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიყვანონ თუ არა ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ? და თუ კი - მზად არის თუ არა ლატვია მის მისაღებად?

- რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვეცნობით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ადამიანური უფლებების დაცვასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიახ, ჩვენ თანახმა ვიქნებოდით მის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ლატვია საუკეთესო ადგილი მისთვის, ამიტომ ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

- ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ურთიერთობა ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან, ასევე ზოგადად პარტნიორებთან დაიძაბა. ქვეყანაში არის პოლიტიკური ნარატივი, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩართოს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და როგორ შეიძლება ამან ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას?

- 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საშობაო მიღებაზე მიიწვია ყველა ელჩი და მისიის ხელმძღვანელი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს ყველაზე ღირებული პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. მან ასევე შეაქო აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის წარმატებული საქმიანობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე და ჩემმა კოლეგებმა პოლიტიკურ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მხრიდან შევამჩნიეთ ანტიდასავლური პროპაგანდა და ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რომ თითქოს, დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩაბმას. ეს ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც მთავარია ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 89% ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია და არა დასავლეთი.

- ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინისა და რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველოსა და მოლდოვამხარდაჭერას გააძლიერებს. მისი თქმით, ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა. ხედავთ თუ არა შანსს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უახლოეს მომავალში გახდეს?

- საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც ბატონმა სტოლტენბერგმა თქვა, გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ უკრაინის შემთხვევიდან, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება საქართველოსა და რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნების მეტი მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ყველა დემოკრატიული რეფორმის განხორციელების გაგრძელება. ასე რომ, ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა.

- თქვენ საქართველოში ლატვიის ელჩად რამდენიმე თვის წინ დაინიშნეთ. როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ლატვიას ურთიერთობას, რა არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის ძირითადი მახასიათებლები და რა მიმართულებით უნდა გააღრმაონ საქართველომ და ლატვიამ თანამშრომლობა? რას ურჩევთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით?

- საქართველო ლატვიის მეგობარი და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მე ვხედავ უზარმაზარ პოტენციალს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაცია, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილება, მწვანე ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა. ასევე ვიმედოვნებ საქართველოსა და ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ავიაკომპანია, AirBaltics ახორციელებენ პირდაპირ ავიარეისებს. ისინი ეხმარებიან ამ ტურისტული კონტაქტების და საქმიანი კონტაქტების განვითარებას და ასევე ადამიანებს შორის კონტაქტებს. საქართველო ლატვიელებისთვის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რადგან ლატვიელები ძალიან აფასებენ საქართველოს ბუნების სილამაზეს და ხალხის სიკეთეს. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით, მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გამოცდილება ევროკავშირსა და ნატოში იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ის იყო მთავარი სტიმული არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ მან სტაბილურობა და უსაფრთხოება მოიტანა ლატვიაში. ჩემი რჩევაა, ახლა, როდესაც ევროკავშირის კარი ღიაა გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა.

- რუსეთის შეჭრა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. ომის დაწყებიდან ლატვია მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე და უწევს ქვეყანას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. აგვისტოში ლატვიამ რუსეთი "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" გამოაცხადა, ასევე თქვენი ქვეყანა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გეგმავს და მხარს უჭერს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა თქვენს ქვეყანაზე, თქვენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, რადგან ლატვიას აქვს საზღვარი რუსეთთან და ომამდე თქვენი ქვეყანა დიდწილად იყო დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე.

- რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში და უკრაინელებს ბრძოლა არა მხოლოდ მათი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაცაა. როგორც არასდროს, საერთაშორისო თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. ერთ სულ მოსახლეზე ლატვიამ უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და სხვა მხარდაჭერა გაუგზავნა. ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რა ღირს დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლა. ეს ღირებულებები ჩვენთვის ფასდაუდებელია. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, ომამდე ჩვენ დიდად ვიყავით დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე, მაგრამ ახლა უკვე აღარ. პირველი იანვრიდან ჩვენ აღარ შემოვიტანთ რუსეთის გაზს. რა თქმა უნდა ამ ნაბიჯის გამო საფასურის გადახდაც მოგვიწევს. ქვეყანაში ფასები იზრდება, ინფლაციამ 22%-ს მიაღწია. მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის უკრაინის მიმართ სოლიდარობის საფასური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ჩვენი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და დაეხმაროს მათ გადასახადების გადახდაში ამ ზამთარში.

- რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების ჩამოსვლა გაიზარდა. ეს ქართული საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან უმრავლესობა ეთნიკურ რუსებში საფრთხეს ხედავს. თქვენს ქვეყანაში, სადაც დღეს მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს რუსები შეადგენენ, აღიქვამს თუ არა ლატვიის მთავრობა მათ საფრთხედ და როგორია ლატვიის პოზიცია ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური რუსების მიმართ?

- ჩვენ მათ საშიშროებად სრულიად არ აღვიქვამთ, რადგან რუსული თემი ლატვიაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა. მაგალითად, ბებიაჩემის ოჯახის წინაპრები მე-17 საუკუნეში რიგაში ლტოლვილებად ჩავიდნენ, რადგან ისინი მორწმუნეები იყვნენ და რუსეთში დარჩენა არ შეეძლოთ. ახლა ლატვიის მოსახლეობის 24,4% რუსია და მათი უმრავლესობა კარგად არის ინტეგრირებული და ძალიან ლოიალური ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით ლატვიური ენის სწავლასთან დაკავშირებით.

- გმადლობთ, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. შეგიძლიათ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს.

- პირველ რიგში ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ მომავალ წელს და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იყავით უფრო ერთიანები და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები.

ბექა ბერიაშვილი

"ინტერპრესნიუსი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს