კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს - მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი - თქვენი არჩევანია, რით გადაადგილდებით, არავინ გზღუდავთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გადაადგილების მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.

კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ტრანსპორტთან დაკავშირებით დეპუტატ ცოტნე კობერიძის შეკითხვას უპასუხა.

„მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ - მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი - ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ, მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მე ძალიან ბევრნაირი ტრანსპორტით გადავადგილდები: საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავადგილდები მოტოციკლეტით, კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს ამ ტრანსპორტით სიარული, დავდივარ ველოსიპედითაც; ასევე, ჩემს შვილებთან ერთად, ძალიან ხშირად გადავადგილდები სკუტერითაც. ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, გინდა მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით „აჭარა ჯგუფთან“, რომელმაც ძალიან კარგი პროექტები განახორციელა - ეს არის ელექტროსკუტერების, ელექტრომობილების შემოყვანა, ახლა ელექტროველოსიპედები შემოიყვანეს, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა ამ მიმართულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ცოტნე კობერიძის რეპლიკას, რომელმაც მეტროში ნაკადის მომწესრიგებლებს „მწყემსები“ უწოდა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც უპასუხა.

„თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, არ მიკვირს, რა განცხადებასაც აკეთებთ, მაგრამ ვისაც „მწყემსები“ უწოდეთ, არიან ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის პატივცემული თანამშრომლები, რომლებმაც მეტროს ერთი ხაზიდან მეორეში გადასასვლელში მოძრაობა დაარეგულირეს და პიკურ საათებში პრობლემა არ გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლებს, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. ჩვენ დავინახეთ, რომ ნაკადების მართვამ შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. „ფრი რაიდერებს“, ხმალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფასიანია და შესაბამისად, მგზავრობის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს, თუმცა არსებობს შეღავათიანი ტარიფები, ასევე, უფასო მგზავრობა მგზავრების გარკვეული კატეგორიისთვის.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი