ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მედალი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რექტორისა და ელჩის შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ელჩს უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ასევე ესაუბრა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა სტუ-სა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სტუ-ს ინფორმაციით, რექტორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ლატვიის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე. იმ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც სტუ-ის აკავშირებს ლატვიის რესპუბლიკასთან.

„ქალბატონო ელჩო, მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რომელიც 100 წლის ისტორიის მქონე საინჟინრო უმაღლესი სკოლაა და სადაც სტუდენტები განათლებას იღებენ 14 ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 138 სამეცნიერო ცენტრი. ჩვენ ვმონაწილეობთ მსოფლიოში თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევით კოლაბორაციაში, როგორიცაა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN, მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია - KEK, აშშ-ში DA ა.შ., სადაც ჩვენი თანამშრომლები და სტუდენტები არიან სამუშაო პროცესში ჩართულნი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლატვიის საერთაშორისო აკადემიასთან, ასევე, ვიძმეს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან აქვს მემორანდუმები გაფორმებული, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. მოხარული ვიქნებით, მსგავსი ცენტრი ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერით გავხსნათ. ცენტრი დაინტერესებულ სტუდენტებს შეასწავლის ლატვიურ ენასა და კულტურას, მოხდება სტუდენტთა ჩართვა გაცვლით პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ცენტრის შექმნის ინიციატივით აზერბაიჯანული მხარე გამოვიდა, იტალიური ენის ცენტრი კი უკვე ფუნქციონირებს. ჩვენ მზად ვართ უფრო ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის, მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრით. საქართველო ძალიან ახლობელი ქვეყანაა ლატვიისთვის, ვიმედოვნებ რომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლატვიის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალიან შთამბეჭდავი უნივერსიტეტია სტუ, კარგი გარემოთი და საინტერესო პროგრამებით. ასევე, იმედი მაქვს, რომ ორი ქვეყნის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამებით უფრო და უფრო მეტი სტუდენტი ისარგებლებს და რაც მთავარია, რექტორისგან გაჟღერდა ძალიან საინტერესო იდეა ლატვიის ენისა და კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიფიქრებთ და სამუშაო პროცესიც დაიწყება“, - განაცხადა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო