ბენ ჰოჯესი - საქართველოს შეუძლია გახდეს ამერიკის შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი

საქართველოს შეუძლია გახდეს ამერიკის შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, - ამის შესახებ ამერიკელი გენერალი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი „პალიტრანიუსთან“ აცხადებს.

- მოგესალმებით ბატონო გენერალო. თქვენის აზრით, რა იყო პრეზიდენტ ზელენსკის ამერიკაში ვიზიტის მთავარი შედეგები?

- მთავარი შედეგი არის ის, რომ ამ ვიზიტმა განამტკიცა პიროვნული ურთიერთობები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის, ისევე როგორც უკრაინასა და ამერიკის კონგრესს შორის. თქვენ ნახეთ როგორი თბილი შეხვედრა მოუწყვეს მას. ამ შეხვედრამ უკრაინა შავი ზღვის შორეული ქვეყნიდან პერსონალური ურთიერთობის ობიექტად აქცია და უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც ამას საჭიროება მოითხოვს. მეორე მხრივ, ეს ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა კრემლისთვის, დაინახა რა უკრაინის პრეზიდენტის ასეთი განსაკუთრებული მიღება თეთრ სახლსა და კონგრესში, თვეების მანძილზე მიმდინარე კრემლის პროპგანდის მიუხედავად, რომელიც ზელენსკის ნაცისტად მონათვლას ცდილობდა. ასეთი დახვედრა ნამდვილად კოშმარი იყო რუსეთისთვის.

- თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ 2023 წელს უკრაინა განდევნის რუსეთს თავისი საზღვრებიდან და აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. რას ეფუძნება თქვენი ეს მოსაზრება?

- მე მჯერა, რომ უკრაინა გაათავისუფლებს ყირიმს ზაფხულის, აგვისტოს ბოლომდე. ამის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე ფაქტი. უპირველეს ყოვლისა, შეხედეთ რუსი ჯარისკაცების ბრძოლის ხარისხს თვეების განმავლობაში, როგორ სუსტად გამოიყურებიან ისინი. მე ვერ ვხედავ გზას, როგორ უნდა შეძლონ მათ მოკლე ხანში ყველა არსებულ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც საკმარისზე მეტი აქვთ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გააგრძელონ მობილიზაცია და გაიწვიონ ათასობით ადამიანი ჯარში, მაგრამ ისინი იქნებიან გაუწვრთნელი და შეუიარაღებელი, სათანადო შეიარაღების და აღჭურვილობის გარეშე. რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები, ზოგადად, არ არის საკმარისად ეფექტური, რომ ომის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ რაკეტების გაშვება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ელექტროსადგურების დაბომბვა. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, ეს არის დღეს მათ რაც შეუძლიათ, რომ გაწელონ დრო იმის იმედად, რომ დასავლეთი შეასუსტებს უკრაინის დახმარებას. მაგრამ ეს არ იმუშავებს.

მეორე მიზეზი, უფრო კონკრეტულად, არის ის, რომ როცა თქვენ რუკას დახედავთ, დაინახავთ რომ ყირიმისკენ მხოლოდ ორი გზა მიდის: ერთი, ცნობილი ყირიმის ხიდია, რომელიც უკვე სერიოზულად არის დაზიანებული და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთხელ დაზიანდება. მეორე კი - სახმელეთო გზაა, რომელიც მიდის როსტოვიდან მარიუპოლზე, მელიტოპოლზე და შემდეგ ჩადის ყირიმში. ეს გზა უკვე უკრაინის შეტევის ქვეშაა. უკრაინული არტილერია უკვე წვდება მელიტოპოლის სამიზნეებს. და ეს ორივე გზა ჩამოიშლება, თუ არ ვიტყვით, რომ საერთოდ გადაიკეტება, უახლოესი თვეების განმვალობაში. ამიტომ, ყირიმი რუსეთის მახედ იქცევა და ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ ყირიმი.

- 2022 წელს თქვენ აღნიშნეთ, რომ დასავლეთი მომზადებული უნდა შეხვდეს რუსეთის დაშლას. როგორ ფიქრობთ, დაიწყო რაიმე ტიპის მზადება დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ ამ მოვლენისთვის?

- მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ამისკენ არ მოვუწოდებ და რუსეთის სახელმწიფო ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რუსეთის ფედერაცია დღევანდელი სახით ხელოვნური წარმონაქმნია. მასში შედის ასოცი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი და ათეულობით პატარა სახელმწიფოები, ქვეყნები, რომლებიც რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა კავშირმა შეიერთა და ახლაც იქ არიან. მეორე ფაქტორია რუსეთის ეკონომიკა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია, მისი დემორალიზებული სამხედროები. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის დაშლის ალბათობა საკმაოდ რეალურია. ჩვენ სტრატეგიულად უნდა ვიაზროვნოთ, რა გველოდება ასეთ შემთხვევაში: როგორ მოვახდინოთ ჰუმანიტარული კატასტროფის და ძალადობის აფეთქების პრევენცია, თუ რუსეთი დაიშლება და ამას მნიშვნელოვანი გართულებები მოჰყვება. და რა თქმა უნდა, ყველას საზრუნავი იქნება რუსეთის ხელთ არსებული ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხი.

- როგორი იქნება, თქვენი აზრით, 2023 წელი საქართველოსთვის? როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი ამერიკის შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში?

- ის, რაც მოხდება საქართველოში, საქართველოს ხალხის ხელთაა. საქართველოს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ბედი. ის, რომ ამერიკას ექნება შავი ზღვის სტრატეგია, ძალიან კარგია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. ის, რომ რუსეთი ასე სუსტად გამოიყურება უკრაინასთან ომში და ის მარცხისთვისაა განწირული, ამ ფაქტმა საქართველოს უნდა შესძინოს თავდაჯერებულობა, რომ საკუთარი გზა იპოვოს და აღარ იყოს მოსკოვის ასეთი პრესის ქვეშ. ეს ის არჩევანია, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს. ძალიან საინტერესო სტატია იყო გუშინწინ „ბლუმბერგში“, რუსეთსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო გზებზე. ეს ქვეყნები იყენებენ კასპიის ზღვას, როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ამ მარშრუტისთვის, რაც საშუალებას აძლევს ამ ქვეყნებს ივაჭრონ ინდოეთის ოკეანის აუზში სანქციების გვერდის ავლით. ეს მარშრუტი მოიცავს ვოლგა-დონის არხს, რათა დააკავშიროს მდინარე ვოლგა დონთან და შემდეგ ქვემოთ კასპიის ზღვასთან. ირანი აშენებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რკინიგზებს, პორტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დატვირთოს და სათავისოდ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა. რუსეთი და ირანი ყოველთვის არ იქნებიან ჩვენი მტრები. ერთ დღესაც ჩვენ მათთან ვაჭრობას აღვადგენთ და ამ დროს საქართველო შეიძლება საერთოდ გვერდზე იყოს მოტოვებული, როგორც ამას ბლუმბერგის სტატია აჩვენებს. თუ საქართველოს უნდა, რომ ისარგებლოს ეკონომიკური უპირატესობებით, უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ანაკლიის პორტის ასაშენებლად, რომელიც გახდება პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის. საქართველომ უნდა გააფართოვოს საკუთარი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და დაუკავშირდეს გლობალურ სატრანსპორტო ქსელს. დღეს საქართველოს ეს რესურსები არ აქვს.

- როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს 2023 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი რეგიონის როლი ევროპის ენერგო-უსაფრთხოების საკითხში სულ უფრო მზარდია.

- მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლის შესრულება შეუძლია, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის პორტალს ევროპასა და ევრაზიას შორის და ეს როლი უფრო გაიზრდება, თუ საქართველო ამისთვის მზად იქნება. ტელეკომუნიკაციის და ენერგიის ტრანზიტში, აგრეთვე. ასევე, ვფიქრობ, რომ რეგიონის ხალხები უბრალოდ დაიღალნენ საზარბაზნე ხორცით რუსეთის საომარი მანქანის მომარაგებით, ყოველგვარი ეკონომიკური ბენეფიტის გარეშე. როცა შენ საუკუნების მანძილზე მოსკოვის კონტროლისა და გავლენის ქვეშ იმყოფები, შენი ცხოვრება უკან მიდის, მაშინ როცა დანარჩენი სამყარო ვითარდება. რეგიონის ხალხმა უნდა აირჩიოს მიმართულება: რა თქმა უნდა, დასავლეთი უნაკლო არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა აირჩიონ სამყარო, სადაც აქვთ შანსი განვითარებისა და ზრდისა და სადაც მათი ტალანტი დაფასდება. ვფიქრობ, ეს შანსია კავკასიის რეგიონისთვის, განსაკუთრებით ქართველი ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდობისთვის, რომელთაც უნდათ უკეთესი პერსპექტივა. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რა მიმართულება უნდა აირჩიონ იმისთვის, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს გაჩენილი პერსპექტივები.

- და ბოლო კითხვა, რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას 2023 წლისთვის?

- ვურჩევდი, რომ არ დაკარგოთ ამერიკის შეერთებული შტატების რწმენა, გჯეროდეთ თქვენი ამერიკელი მეგობრების. ჩვენ შეიძლება შეცდომებს ვუშვებდეთ, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ ჩვენი ღირებულებების გამო. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების პოტენციალის და რესურსის და ყოველთვის ვეხმარებით ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას. საქართველოს სწორედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ამერიკის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის შესახებ, რადგან საქართველოს შეუძლია გახდეს ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ხათუნა ლაგაზიძე

"პალიტრანიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო