ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს! ვფიქრობ, რომ დიახ, ეს მოხდება თქვენთვის!

მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს! ვფიქრობ, რომ დიახ, ეს მოხდება თქვენთვის!, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „პალიტრანიუსთან“ აცხადებს.

- მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო დღესასწაულის დღეებში. მოდით დავიწყოთ უკრაინით. როგორი იქნება უკრაინისთვის 2023 წელი. როგორია ევროპარლამენტის მოლოდინები უკრაინასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, 2023 წელი იქნება ომის დასრულების წელი უკრაინაში?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო დამდეგ წელს. რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს 2023 წელს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია პუტინის შესაჩერებლად, რათა მას არ ქონდეს რესურსები ამ ომის გასაგრძელებლად და რა თქმა უნდა, აღდგეს სამართლიანობა. ბოლო სესიაზე ჩვენ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ. ეს ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად კეთდება, რათა რამდენადაც შესაძლებელია მალე დაუბრუნდეს უკრაინა ნორმალური ცხოვრების პირობებს. მათ შორის, ეს ეხება უკრაინიდან დევნილებსაც და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებსაც. რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას და ენერგეტიკას, იცით რამდენად მძიმეა ეს ზამთარი ენერგეტიკული თვალსაზრისით ბევრი უკრაინელისთვის და მომავალი ზამთარი გაცილებით მძიმე იქნება, რადგან რესურსები კიდევ უფრო შემცირდება, თუ ეს ომი გაგრძელდა. ამიტომ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევაჩეროთ. ახლა ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მალე მოიტანს შედეგს.

- თქვენ ახსენეთ სანქციები და ზამთრის სირთულეები. ხომ არ გამოიწვევს ის ევროპის ქვეყნების ერთიანობის და მხარდაჭერის შერყევას უკრაინის მიმართ.

- მნიშვნელოვანი კითხვაა. ევროკავშირის მოქალაქეები რჩებიან უკრაინის ძლიერ მხარდამჭერებად, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს სირთულეები, რომლის წინაშეც ევროკავშირის ქვეყნები ბოლო პერიოდში დადგნენ და ეს თავის გამოძახილს ჰპოვებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთო ევროპულ არჩევნებზე. მათ, ვინც კრიზისს კარგად უმკლავდებიან, რა თქმა უნდა, ხელახლა აირჩევენ, სხვებს კი გადარჩევა მოუწევთ. და აქ ისმება კითხვა: ვინ იქნება მომავალი პოლიტიკური ძალა თუ ძალები?! მე ცოტა შეშფოთებით ვუყურებ ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ ომის დროს ხალხი მეტად ენდობა ძლიერ ხელს, მაგრამ ძლიერი ხელის მომხრე პოლიტიკოსები უფრო მიდრეკილნი არიან ავტორიტარიზმისკენ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს ომი და კრიზისი მალე დამთავრდება.

-მოდით გადავიდეთ საქართველოზე და რა თქმა უნდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს მომავალ წელს?

-ამ ეტაპზე, რამდენადაც მე ვიცი, ევროკომისიის მიერ მთავრდება მუშაობა შეფასების დოკუმენტებზე, რამდენად შეასრულა საქართველომ 12 პუნქტიანი გეგმა. დედლაინი არის დეკემბრის დასასრული. 2023 წელს ეს იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მთავარი თემა, რამდენად სრულდება რეფორმები და არის თუ არა საქართველო მზად კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თქვენ იცით, მე როგორ ვუჭერ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მჯერა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ეს სტატუსი, მაგრამ ამით არ დამთავრდება რეფორმების ომი. პირიქით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაზრდის რეფორმების განწყობას და მოტივაციას და უნდა გაგრძელდეს პროგრესი და უფრო სიღრმისეული რეფორმები და საქართველო მეტად წინ უნდა წავიდეს რეფორმების გზაზე. ასე რომ, საქართველოს გზაზე ბევრი რეფორმებია, მაგრამ ბევრი იმედებიც.

-პირადად თქვენ, რამდენად იმედიანად ხართ განწყობილი, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

-მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს! დიახ, ეს მოხდება თქვენთვის!

-დიდებული, ნამდვილად დიდებული ინფორმაციაა! ამავე დროს, ჩვენი რეგიონის, კერძოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის მზარდი როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში, შეიძლება ჩვენი მთავრობა მიჰყავდეს დასკვნამდე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გარეშეც შეიძლება. თქვენ ეთანხმებით ამ მიდგომას?

-არ ვფიქრობ, რომ ეს სრულად შესაძლებელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე და რას მიიჩნევს ევროკომისია წინსვლის საუკეთესო გზად. თავად მე მივიჩნევ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რადგან არმიცემამ გამოიწვია და მეტად გამოიწვევს დემოტივაციას და მე ვხედავ, რომ არის ბევრი დაპირისპირება და პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის გამო. მგონია, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგცემთ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ საუბარი და მუშაობა რეფორმებზე უფრო წყნარად და რაციონალურად. ეს ჩემი შეხედულებაა და შესაძლოა ევროკომისიას ან საბჭოს თავისი შეხედულება ჰქონდეს, რომ წესები ნათლად არის გაწერილი, ჩვენ უნდა მივყვეთ შეფასებას რამდენად ზუსტად ასრულებს საქართველო 12 პუნქტიან გეგმას და ამის მიხედვით შევაფასოთ იმსახურებს თუ არა ის კანდიდატის სტატუსს. და ეს სრულიად გასაგები იქნება, მე მათ მოსაზრებას პატივს ვცემ. მაგრამ მე უფრო სიღრმისეულად ვხედავ, პერსონალური ემოციების დონეზე იმას, რაც ხდება საქართველოში და მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმებით არ ვაფასებ. ამიტომაც, ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, რამდენად მოიცავს ტექნიკური დონე ყველა იმ ასპექტს, რომელიც მოითხოვს ჩვენს ყურადღებას კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას.

-და ბოლო კითხვა: რას ურჩევთ, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას.

-მე ევროპელი პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ თქვენი ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, უფრო მეტად ვფოკუსირდებოდი რა ხდება ევროპაში და რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ევროკავშირში არავინ არის ვინც დაბლოკავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ჩვენს წესებს და ატარებდეს სათანადო რეფორმებს და ამჟღავნებდეს სწრაფვას ამისკენ. გთხოვთ, იფიქრეთ ამაზე. ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. ჩვენ გვინდა პარტნიორები ვიყოთ და არ გვინდა შეურაცხყოფის მოსმენა თქვენგან. ეს რჩევა ხელისუფლებას. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, მე ვიცი რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, რადგან თქვენი პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, უამრავი ემოციაა ირგვლივ და ყოველთვის რთულია ასეთ გარემოში მუშაობა, ვიცი, რომ გაქვთ ძალიან კარგი იდეები რეფორმებისთვის. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება: დადექით ერთად, იყავით შეკრულები, იქონიეთ კონტაქტი ერთმანეთთან, ჩვენთან, თქვენს ევროპელ კოლეგებთან. იყავით იმედიანები, რადგან მოვა თქვენი იდეების ხორცშესხმის დროც. არ შეწყვიტოთ მათზე მუშაობა. როცა სიტუაცია დამშვიდდება, როცა თქვენ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ და საქართველო უფრო დაუახლოვდება ევროპას, თქვენი რეფორმების განხორციელების დროც დადგება. და ეს იქნება თქვენი გაბრწყინების დრო.

ხათუნა ლაგაზიძე

პალიტრანიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა