რამიზ იუნუსი - ომი უკრაინაში საბოლოო ჯამში აქტუალურს გახდის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხს, თქვენ მოგიწევთ მისი გადაწყვეტა და ამისთვის კონსოლიდირებულები უნდა იყოთ

ომი უკრაინაში საბოლოო ჯამში აქტუალურს გახდის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხს, თქვენ მოგიწევთ მისი გადაწყვეტა და ამისთვის თქვენ კონსოლიდირებულები უნდა იყოთ , - ამის შესახებ - აზერბაიჯანელი ექსპერტი, აზერბაიჯანის მთავრობის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი რამიზ იუნუსი „პალიტრანიუსთან“ საუბრობს.

- მოდით ვისაუბროთ 2023 წლის პოლიტიკურ პროგნოზებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა უკრაინის კონტექსტში. როგორი პროგნოზი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, 2023 წელს დასრულდება ეს ომი, თუ არა?

- ცხოვრებაშიც ასეა, როდესაც სხვადასხვა წელს ვიხსენებთ. არის წლები, რომლებსაც ვერც გავიხსენებთ, იყო და გავიდა. ასევე არის წლები, რომლებიც დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ხდება ყველა ჩვენგანისთვის, ზოგჯერ ცალკე აღებული ქვეყნისთვის, ზოგჯერ მთელი პლანეტისთვის კი. თუ ჩვენს რეგიონს ავიღებთ, აზერბაიჯანისთვის, ჩემი ისტორიული სამშობლოსთვის, მაგალითად, ეს 1994 წელია - სამარცხვინო ბიშკეკის პროტოკოლი, ყარაბაღის პირველი ომი, ალბათ, ეს წელი დაამახსოვრდათ სომხეთშიც. საქართველოსთვის ეს არის - 2008 წელი, რუსეთის აგრესია და მიწების დაკარგვა. უკრაინისთვის ესაა 2014 წელი. ასევე 2020 წელი აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რაც უკვე ყარაბაღის მეორე ომია. რა თქმა უნდა, ის ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მეზობელს.

მაგრამ არის გლობალური მასშტაბის მოვლენები, როგორიცაა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლა და 2022 წლის 24 თებერვალი, როდესაც ყველამ გავიღვიძეთ სრულიად სხვა სიტუაციაში. ეს უკვე მთელ მსოფლიოს ეხება და ეს ეხება ჩვენს ქვეყნებსაც და ჩვენს რეგიონსაც. ამიტომ თუ გვინდა პროგნოზების გაკეთება, რა გველოდება ჩვენ, ცალკეულ მოქალაქეებს, ცალკეულ ქვეყნებს და მთელ მსოფლიოს, სწორად უნდა შევაფასოთ, რა მოხდა 2022 წელს. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ზუსტად გავიგოთ, 2023 წელს რა გველოდება ყველას. მე პირადად, ომის ამ ათი თვის განმავლობაში, 24 თებერვლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე მქონდა დეჟავუს შეგრძნება, როგორც ჩვენი რეგიონის კონტექსტში, ისე მსოფლიო გლობალურ კონტექსტშიც.

უახლეს ისტორიას ავიღებ, არ წავალ უძველეს დროში... ავიღოთ თანამედროვე ისტორია, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როდესაც ყველა ამ მოვლენის რეტროსპექტივას ვაკეთებთ, მაშინ ვხვდებით, დღეს რამდენად ბევრი რამ მეორდება. არის ასეთი ცნობილი რუსი ისტორიკოსი, ვასილი კლიუჩევსკი, რომელმაც თქვა, რომ „ისტორია არ გვასწავლის, ისტორია გვსჯის ისტორიის გაკვეთილების არცოდნის გამო“. მე როგორც ვხვდები, დღეს ძალიან ბევრს აუხდა ეს ფრაზა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ცალ-ცალკე, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე, მთლიანად მთელი პლანეტაც გავაანალიზებთ ამ 30 წელს...

ხოლო კოლექტიური დასავლეთისთვის ასევე კარგი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის კარგად შესწავლაც, რათა კარგად გაიგონ, რა მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს, როგორ მოხდა და რა შეიძლება გველოდებოდეს 2023 წელს. სინამდვილეში მოხდა გლობალური კატასტროფა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას და მეორე მსოფლიო ომსაც კი შეედრება. თუმცა ახლა არავინ ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მიდის, რადგან ამისთვის საჭირო კლასიკური მახასიათებლები არაა, მაგრამ ამ ტრაგედიის გლობალურობა და მასშტაბურობა თვალნათლივ ჩანს.

შემთხვევითი სულაც არაა, რომ დღეს ყველა ავლებს პარალელს, თავის დროზე აქ, ვაშინგტონში უინსტონ ჩერჩილის ჩამოსვლასა და რამდენიმე დღის წინ ზელენსკის ჩამოსვლას შორის. 81 წელი გავიდა, მაგრამ ბევრი პარალელია. სწორედ ეს არის ის დეჟავუ გლობალურ მასშტაბში. სწორედ მაშინ ჩერჩილის დამსახურებით გაიღვიძა ამერიკამ და მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში ჩაერთო. სწორედ ასეა ახლაც.

მე ვფიქრობ, ზელენსკის და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებით, რადგან ის სწორედ უკრაინელ ხალხს განასახიერებს. მთლიანობაში ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება - ეს კონსოლიდირებული საზოგადოებაა, რომელმაც გაძლო პირველი თვეები, როდესაც ჯერ არ ჰქონდათ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც მეტ-ნაკლებად ახლა აქვთ. და აი, მან მოახერხა ამერიკის ისტებლიშმენტამდე მიღწევა. მე ვხედავ, რომ ამერიკაში მისი ხმა გაიგეს და პირველი შედეგები ვნახეთ ხარკოვის, ხერსონის მიმართულებებზე და მე ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება 2023 წელშიც. რამდენადაც მისი აქ ვიზიტის დროს შექმნილი ატმოსფეროს მიხედვით შემიძლია ვიმსჯელო, ამერიკა უკრაინის დახმარების საკითხში ბოლომდე წავა. ხოლო რადგან ამ ომში ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით, აქ ცუდი არ იქნებოდა საბჭოთა კავშირის დანგრევის ისტორია გაგვეხსენებინა. როგორ მიიყვანა საბოლოოდ საბჭოთა კავშირი დაშლამდე ავღანეთის ავანტიურამ, შეიარაღების რბოლამ, ეკონომიკურმა სანქციებმა და პოლიტიკურმა იზოლაციამ. და თუ მაშინ დასავლეთმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა ეს პროცესი, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ არ იცოდნენ, რა ექნათ, მათ არ ჰქონდათ კონკრეტული პროგრამა, არ გადაწყვიტეს დესოვეტიზაციის, დეკომუნიზაციის პრობლემა და ეს საბჭოთა მეტასტაზები პირველ რიგში გამოვლინდა თქვენთან 2008 წელს, ხოლო 2014 წელს უკრაინაში. და ამიტომაც დღეს ეს საბჭოთა მეტასტაზები ღიად წავიდნენ მათ უკანასკნელ ომში.

ვხედავ, რომ დასავლეთმა გაიღვიძა, თუმცა კვლავ ძველი პრობლემა აქვთ: მათ არ იციან, რა ქნან მას მერე, რაც უკრაინა მოიგებს ამ ომს. რა ხდება მერე? მათ ასევე აშინებს ბირთვული იარაღის თემა და ასევე: რა სახით შეინარჩუნონ ეს გეოგრაფია - დაანაწევრონ (და თუ დანაწევრდება, შეძლებენ მერე მის კონტროლს?) თუ შეინარჩუნონ?! და რა სახით შეინარჩუნონ?!

1991 წელს მათ მიიღეს ასეთი „ბრძნული“ გადაწყვეტილება, რომ ატომური იარაღი ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან გადაიტანეს რუსეთში. რას იზამენ ახლა, ჯერ ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არაა. ბევრი რამეა დამოკიდებული ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობაზე. ეს გლობალურ მასშტაბში, მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ტექნიკური გადაწყვეტილება, მე ვხედავ, რომ უკვე მიღებულია, რომ ამერიკა ამ საკითხში ბოლომდე წავა და ევროპაც, როგორც ხედავთ, გარკვეულწილად ერგება ამ სიტუაციას, თუმცა ათი თვის წინ სულ სხვა პოლიტიკური რიტორიკა იყო. აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ პროგნოზები ჩვენს რეგიონთან დაკავშირებითაც. ჩვენს რეგიონში ორი წლის წინ ყარაბაღის მეორე ომის მერე სტატუს-კვო შეიცვალა და დღეს ჩვენც ზუსტად ისევე გავდივართ ამ დეჟავუს. როცა ვხედავთ დღეს ისევ როგორ დაიძაბა ვითარება ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ზონაში...

- მე მინდოდა სწორედ ჩვენს რეგიონზე გამემახვილებინა ყურადღება. თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება ეს წელი ჩვენი რეგიონისთვის ამ რეგიონის მზარდი როლის გათვალისწინებით უკრაინის ომის ფონზე? მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონის მზარდი გავლენა და როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

- რაც ჩვენს რეგიონში ხდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უკრაინა-რუსეთის ფრონტზე მიმდინარე მოვლენების კონტექსტის გარეშე განვიხილოთ. გლობალური ცვლილებები ხდება. სამყარო უკვე სხვაა. ჩვენ 24 თებერვლის შემდეგ, სხვა სამყაროში გავიღვიძეთ და თუ თავიდან ამას ბევრი ვერ ხვდებოდა, დღეს უკვე სხვა სიტუაციაა, როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენს რეგიონში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ელიტა, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ ყველანი, მხედველობაში მაქვს, აზერბაიჯანშიც, საქართველოშიც და სომხეთშიც, გავაცნობიერებთ, ამას, რა ტიპის გლობალური ცვლილებები მოჰყვება. თუ ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ ისტორიის შეცდომები, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ იმ ისტორიიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ და ეს დეჟავუ აღარ განვიცადოთ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ზუსტად ვიტყვი, რომ მე, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ამერიკის მოქალაქეც ვარ, მე არასდროს დავუშვებ იმ ყველაფრის განმეორებას ჩემს სამშობლოსთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი დღეს უკვე სულ სხვა ქვეყანაა. გეოპოლიტიკური სიტუაციაც სხვაა. აზერბაიჯანს ჰყავს საიმედო მოკავშირეები და მეორეჯერ აღარავის მივცემთ უფლებას ჩვენს მიწაზე ტრაგედია დაატრიალოს. თქვენ ხედავთ აზერბაიჯანი როგორ ჭკვიანურად მართავს ამ სიტუაციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ქართველებსაც გესმოდეთ, რა ელოდება საქართველოს ამ სიტუაციაში. შეხედეთ აზერბაიჯანის საზოგადოების კონსოლიდაციას ორი წლის წინ, როგორ გაერთიანდა ყველა: ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება 44 - დღიან ომში. ეს კონსოლიდაცია აზერბაიჯანულ საზოგადოებაში დღევანდელ დღემდე გრძელდება, ვიდრე ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს ტერიტორიას და თქვენ ქართველებიც უნდა იყოთ ამისთვის მზად, რადგან ომი უკრაინაში საბოლოო ჯამში აქტუალურს გახდის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხს და თქვენ მოგიწევთ მისი გადაწყვეტა, ხოლო იმისთვის, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოთ და არ გაიმეოროთ 30 წლის წინანდელი შეცდომები, თქვენ კონსოლიდირებულები უნდა იყოთ. თქვენ იცით, მე როგორი დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი, ქართველებისადმი, რადგან საქართველო ძალიან ძმური და ძვირფასი ქვეყანაა აზერბაიჯანისთვის და ჩვენი ურთიერთობები ისტორიულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენც შეინარჩუნოთ კონსოლიდაცია მოახლოებული ტექტონიკური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე. იყავით ამისთვის მზად და მნიშვნელოვანია კონსოლიდაციის შენარჩუნება.

დასაწყისისთვის გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, მოუტანეთ მშვიდობა თქვენს სახლს, რამეთუ ეს არ შვენის საქართველოს, ეს მთელი საქართველოს იმიჯს ურტყამს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, ყველა ქართველის. საქართველოს ყველა მეგობარიც იტანჯება ამის გამო, მათ შორის, მეც. ამიტომ იყავით კონსოლიდირებულები, ახლოვდება ძალიან მძიმე მოვლენები, ყველაფრის გაკეთება თქვენ არ შეგიძლიათ და ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია თქვენს მეგობრებს, ასევეა ეს აზერბაიჯანის შემთხვევაშიც. აზერბაიჯანს დღეს საიმედო მოკავშირეები ჰყავს: თურქეთი, პაკისტანი, ისრაელი. მაგრამ თქვენ ხედავთ, აზერბაიჯანი როგორ სამეზობლოშია: ჩრდილოეთით რუსეთი, ქვევით კი ირანი.

რუსეთი და ირანი - ესაა დღეს კოლექტიური დასავლეთის და უკრაინის ორი მტერი და მათი პერსპექტივები 2023 წელს არცთუ სახარბიელოა, მაგრამ ისინი ბოლომდე ეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას და როცა ისინი წინააღმდეგობას გაწევენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ხდებოდა, ეს ამ ყოფილი იმპერიის საზღვრებს დაარტყამს, ხოლო ჩვენ სწორედ ამ ყოფილი იმპერიის საზღვრებთან ვართ. ყველა კომუნიკაცია საქართველოზე გადის, მას აქვს ზღვაზე გასასვლელი. ამიტომ საქართველო გემრიელი ლუკმაა, როგორც მტრებისთვის, ისე მეგობრებისთვის. გესმოდეთ ეს და იცოდეთ, რომ ეს პროცესები დაიწყება 2023 წელს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის მზად იყოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგონ სომხეთშიც, მათაც, ვინც მეთანხმება და მათაც, ვინც არ მეთანხმება. არ შეიძლება 30 წლის წინანდელი შეცდომების დაშვება. თუ თქვენ არ გინდათ თქვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, თუ გინდათ მეზობლებთან მშვიდობა, თქვენ უნდა გესმოდეთ, საით მიდის სამყარო 21-ე საუკუნეში. დღეს აღარავინ მოგცემთ უფლებას აზერბაიჯანს მიწის ნაჭერი ჩამოაჭრათ. მით უმეტეს საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით მთელი მსოფლიო, მათ შორის, სომხეთის ოფიციალური ხელისუფლება, ამას აღიარებს. ამიტომ კარგი იქნებოდა რაც შეიძლება სწრაფად მოგეწერათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე აზერბაიჯანთან. ვაღიაროთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე და გავაკეთოთ ისე, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი კლონდაიკი იყოს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს: ჩვენ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული რესურსები და ჩვენ გვაქვს მშვენიერი გეოგრაფია.

პალიტრანიუსი“

ხათუნა ლაგაზიძე

მერაბ მეტრეველი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა