საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოუდგენია საქართველოს განვითარება პოსტ-პუტინურ სამყაროში. ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ უკრაინის არმიის, კონვერსიისა და განიარაღების კვლევის ცენტრის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კოპჩაკი „პალიტრანიუსთან“ აცხადებს.
- ბატონო ვოლოდიმირ, 2022 წელი უკრაინისთვის, ერთის მხრივ, ძალიან მძიმე და ტრაგიკული, მეორეს მხრივ კი იმედის მომცემი გამოდგა. როგორი იქნება 2023 წელი უკრაინისთვის?
- რამდენი სიტყვა ძველ წელზე: გეთანხმებით, რომ გასული წელი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, იქცა უკრაინის წლად. ჩვენთვის, უკრაინელებისთვის მთავარი ის იყო, რომ უკრაინა გადარჩა, შედგა, გაძლიერდა, დაუმტკიცა საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია იბრძოლოს საკუთარი თავისთვის და ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური ნაცია, შეაჩერა ურდო, ათავისუფლებს საკუთარ ტერიტორიებს და მზად არის იბრძოლოს თავის არსებობისთვის. ახლა ნებისმიერ დისკურსში მსჯელობა მიდის არა მხოლოდ მშვიდობაზე, არამედ უკრაინის გამარჯვების ფორმატებზე. იცვლება მიდგომები, იცვლება ფორმულირებები, რომ უკრაინა ვერ მოიგებს კი არა, არამედ უკრაინა ვალდებულია მოიგოს.
2023 წელიც უდავოდ იქნება უკრაინის წელი. მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგი მიბმული იქნება რუსეთ-უკრაინის ომზე. 2023 წელს რუსეთს უნდა, რომ ომი გადაიყვანოს გამოფიტვის ფაზაში, რადგან რუსეთმა სრულად წააგო ომი სტრატეგიულ ფრონტზე: ვერც კიევი აიღო და მარცხი განიცადა უკრაინის ე.წ. მარცხენა სანაპიროზეც. 2023 წელს გაგრძელდება მობილიზაცია რუსეთში, რუსეთს არ ექნება ადამიანური რესურსის დეფიციტი. სხვა საქმეა რუსეთის ეკონომიკა, რომელიც იმყოფება ეკონომიკური ზეწოლის და სანქციების პირობებში, რის გამოც რუსეთი ვერ შეძლებს თავისი სამხედრო ძალების აღჭურვას შეიარაღებით. მას ექნება დეფიციტი ყველა ტიპის შეიარაღებაში.
2023 წელს უკრაინას და უკრაინელებს მოუწევთ რუსეთის შეტევის ახალ ტალღებთან და ფორმატებთან გამკლავება, ისევე როგორც ბელარუსიდან მომავალი საფრთხის განეიტრალება, მიუხედავად იმისა, შეეცდება თუ არა ბელარუსის რეგულარული არმია რუსებთან ერთად უკრაინის საზღვრებში შემოჭრას ჩრდილოეთიდან,თუ მაქსიმალურად ხანგრძლივად ეცდება დააკავოს უკრაინის სამხედრო ძალები ბელარუსის მიმართულებით, რათა საშუალება არ მისცეს უკრაინას გამოთავისუფლებული სამხედრო რეზერვები მიახმაროს ფრონტის უფრო მწვავე ადგილებს. მე თავს შევიკავებდი დროით ჩარჩოებზე საუბრისას ანუ როდის, სად და რა სამხედრო მოქმედება მოხდება, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მწვავე იქნება პუტინის ტერორისტული აქტები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რაც უფრო სასტიკი მეთოდებით ეცდება რუსეთი უკრაინის სიღრმეში შემოჭრას, მით უფრო მაღალტექნოლოგიური იქნება დასავლეთის დახმარება უკრაინის მიმართ. ამ ფორმატში წარიმართება დაპირისპირება.
მინდა აქვე შეგახსენოთ უკრაინის გამარჯვების კრიტერიუმები, რის თაობაზეც ბევრი ინსინუაციებია. სამი ძირითადი კრიტერიუმი შემდეგია: 1. ეს არის უკრაინის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია 1991 წლის ფარგლებში; 2. რეაპრაციების გადახდა აგრესორის მიერ, იმისდა მიუხედავად როგორი იქნება პოსტ-პუტინური რეჟიმი და 3. უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირება, უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინისთვის და უკრაინის მეზობლებისთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის. ამ პარადიგმაში ჩაივლის მოკლედ 2023 წელი.
- ბატონო ვოლოდიმირ, თქვენ არა მხოლოდ ცნობილი უკრაინელი ექსპერტი ხართ, არამედ საქართველოს დიდი მეგობარიც და კარგი მცოდნეც. თქვენის აზრით, როგორი იქნება 2023 წელი საქართველოსთვის? როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და საქართველოს გარშემო?
- 2023 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ მომავალ წელს საქართველოს საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც იცხოვრებს წინასაარჩევნო რეჟიმში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში. საქართველოს საზოგადოება და ხელისუფლება ლოგიკურად წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მხრიდან საქართველოს “მშვიდობიან“ ოკუპაციას.
რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს რუსეთი უკრაინის ფრონტზე, ყოველ შემთხვევაში, 2023 წელს მაინც, რუსეთი უარს არ იტყვის ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის შენარჩუნებაზე თავის ეგრეთ წოდებულ „ეკოსისტემაში“. აქ ვხედავ მე საფრთხეს საქართველოსთვის, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე საერთოდ არ ზრუნავდა რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების შეკავებისა და განეიტრალების სტრატეგიაზე. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში: რა თქმა უნდა, ყველა ხედავს და აღიარებს საქართველოს საზოგადოების წვლილს უკრაინის მხარდაჭერაში. 24 თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი საუბრის მომენტისთვის 36 ქართველი მებრძოლია უკვე დაღუპული უკრაინის დაცვისთვის. დიდი პატივისცემა მათ. პარალელურად კი არც ვიცი რა ეპითეტი შევარჩიო საქართველოს ხელისუფლების ქმედებების დასახასიათებლად, რომელიც ცდილობს ლავირებას და რა ვუწოდო იმ მანიაკალურ მდგომარეობას, როცა საქართველოს ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს დაიჯეროს, რომ რუსეთი აგებს ომს უკრაინასთან. 24 თებერვალს ნახევარ მსოფლიოს არ სჯეროდა ამის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით ისევ იმ პოზიციაზე რჩება, რომ რუსეთი ამ ომს არ წააგებს. არ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის დამარცხება უნდა. მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ საქართველოს განვითარება პოსტ-პუტინურ სამყაროში, არ ფიქრობენ ამაზე. ეს არის ეგზისტნეციალური გამოწვევა მთელი საქართველოსთვის. ეს პროცესი არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, ბევრი საფრთხის შემცველი ფაქტორი იქნება და ყველაზე მწვავე ტრიგერი ამ მომენტისთვის, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, როცა არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, პრინციპში არ არის მზად მისი ციხიდან გამოსვლისთვის, და მით უფრო, ღმერთმა დაიფაროს, ფატალური დასასრულისთვის.
მეორე მომენტი, რომელიც მინდა გამოვყო, შემდეგია: ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინის ფრონტზე მოვლენათა უკრაინისთვის უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს ძალიან ხისტ მოქმედებებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის თავისი გავლენის სივრცეში უფრო ღრმად შესაყვანად ამ რეგიონში არსებული პრობლემების პედალირებით და გამწვავებით, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ყარაბაღის მაგალითზე. რუსეთის უკრაინის ომში ჩაფლობის შემთხვევაშიც და უკრაინის ამა თუ იმ ფორმით გამარჯვების პირობებშიც კი რუსეთი უარს არ იტყვის დანარჩენი პოსტ-საბჭოთა სივრცის ექსპანსიაზე და ამ ფონზე, დღეს საქართველო რუსეთს მთლად ჯიბეში თუ არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მყარად გრძნობს საქართველოში რუსეთი თავს, ფართოდ ფეხმოკიდებული გავლენებით.
- ბატონო ვოლოდიმირ, იქცევა თუ არა 2023 უკრაინის გამარჯვების წლად?
- როგორც გითხარით, უკრაინის გამარჯვებას სამი კრიტერიუმით ვაფასებთ. სამივე კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ანუ: გამარჯვებას ფრონტზე; რეპარაციების გადახდას რუსეთის მიერ და უსაფრთხოების ახალი გარანტიების ჩამოყალიბებას - 2023 წელს არ ველი. რაც შეეხება, ფრონტზე არსებულ ვითარებას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან დღეს თავს შევიკავებ.
- დიდი მადლობა ბატონო ვოლოდიმირ და დაე 2023 წელი იქცეს უკრაინის გამარჯვების წლად, რაც საქართველოს გამარჯვებაც არის.
„პალიტრანიუსი“
ხათუნა ლაგაზიძე
მერაბ მეტრეველი