„ვივამედის“ ექიმი მიხეილ სააკაშვილზე - შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა - მისგანაც იყო სურვილი საკვების მიღება დაეწყო

კლინიკა ,,ვივამედის” ექიმის, ნევროლოგ თამარ აბაშიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოლო ორი თვის განმავლობაში წონის უარყოფითი დინამიკა უფიქსირდება. ამის შესახებ თამარ აბაშიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ასევე ადვოკატის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი საკვებს „არ ჭამს თუ ვერ ჭამს“, ექიმის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საკვებს ვერ იღებს.

„ჩივილი არის „ვერ ვიღებ საკვებს“. არ უთქვამს საკვებს არ ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცას ვაპროტესტებ. პაციენტი წარმოადგენს ჩივილს და მეც ვახმოვანებ მის ჩივილს“, - აღნიშნა ნევროლოგმა.

გარდა ამისა, ექიმმა უპასუხა კითხვას, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვადია, რა მიზეზით აქვს მიხეილ სააკაშვილს აგვისტოდან დღემდე 38 გრადუსი ტემპერატურა?

„ტემპერატურას ტალღისებური ხასიათი აქვს, 38 გრადუსი და 38 გრადუსზე მეტიც ჰქონია. ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის. ამიტომ პროცესში ჩაერთნენ ფთიზიატრები. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ცენტრალური მიზეზით წარმოშობილი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც არის ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები“, - განაცხადა კითხვზე თამარ აბაშიძემ.

რაც შეეხება წონასთან დაკავშირებულ კითხვას, რატომ იკლებს წონაში მიხეილ სააკაშვილი და რა არის ამ თვეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი, ექიმის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თვალში საცემია წონის უარყოფითი დინამიკა.

„შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა. თითოეული ლუკმის მიღება იყო დიდი ძალისხმევის შედეგი. მისგანაც იყო სურვილი საკვების მიღება დაეწყო. დაახლოებით თვე ნახევრის შემდეგ შეძლო საკვების მიღება. შემდგომ, საკვების მიღების გაძნელება ისევ დაიწყო. ამას დაერთო მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონი. მკვეთრად გამოხატული შფოთვა, მოუსვენრობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკაც გაუარესებულია. ვფიქრობ, საკვების მიღების ასეთი ფორმატი დაკავშირებულია წონის კლებასთან“, - განაცხადა თამარ აბაშიძემ.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა მისი სურვილი, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, ექიმის თქმით, მისი სურვილია მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად.

„მე ვარ ექიმი. ჩემი ექიმობა უკვე გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას და, შესაბამისად, სადაც უკეთესი იქნება მკურნალობა, მივესალმები. ჩემი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად“, - აღნიშნა თამარ აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო