სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოხალისეების უკრაინის ომში დაღუპვის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს ე.წ. „პიატნაშკას“ ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
„აფხაზეთის ცენტრის“ "ტელეგრამ" არხის ცნობით, ავდეევკასთან 4 მოხალისე მოკლეს, არიან დაჭრილები.
სააგენტო Apsnypress-ი კი სამი გარდაცვლილის შესახებ იუწყება.
უწყების ცნობით, აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელს ლევ კვიცინიას დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენების ორგანიზება დაავალა.
„პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან აფხაზეთში ცხედრების გადასვენებაზე აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იმუშავებს. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა ცხედრები ჯერ არ გადაუსვენებიათ, ამიტომ მათი სამშობლოში გადასვენება შეუძლებელია. ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით ჩვენს ბიჭებს, რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, დაუყოვნებლივ გავემგზავრებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და გარდაცვლილთა ცხედრებს სამშობლოში გადმოვასვენებთ“, - განაცხადა კვიცინიამ.