მივესალმები დაჩქარებული პროცესით, რომ ჩაინიშნა შემდგომი სასამართლო. იმედი მაქვს, რამდენიმე პროცესში ჩემს ძმას მიეცემა შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ქვეყნის სახე იყო, ამიტომ არ შეიძლება კლინიკა „ვივამედში“ კვდებოდეს.
„ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ვნახო ჩემი ძმა ჯანმრთელი. მივესალმები დაჩქარებული პროცესით, რომ ჩაინიშნა შემდგომი სასამართლო პროცესი. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე პროცესში ჩემს ძმას მიეცემა შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა.
ვინც, რა უნდა ის ილაპარაკოს, მე მაინც ვიქნები ჩემ აზრზე, როგორც ძმა, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ქვეყნის სახე იყო. არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს და კლინიკა „ვივამედში“ კვდებოდეს“,- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ამით მის მკვლელობას მოეწერება ხელი.
„გუშინ ვიხილეთ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განრისხებული. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. დაველოდოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია დაჩქარებულ პროცესში გადაწყდეს მიშას ბედი.
შეიძლება ადამიანები განაწყენებული იყვნენ და აქცია ჩაატარეს, მაგრამ ერთ რამეში არ დავეთანხმები, როდესაც აცხადებენ, რომ „არ გამოუშვა“, ფაქტობრივად, პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოკალი“. მიშა სააკაშვილი თუ არ იქნება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანილი, ფაქტობრივად ამით მის მკვლელობას მოეწერება ხელი. პრეზიდენტის მკვლელობა ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ და ეს განმეორდება“,- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.