გენერალი ჯონსი - რუსებმა ფრონტის ხაზზე თავი შეირცხვინეს

რუსებმა ფრონტის ხაზზე თავი შეირცხვინეს, - აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალ ჯეიმს ჯონსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ისაუბრა.

გენერალმა უპასუხა კითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინამ ქვეყნის "დემილიტარიზაცია" უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას რუსეთი გააკეთებს და აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რასაც მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, შესაძლოა, უბრალოდ, პროპაგანდა იყოს და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ეს რეალობაა და მისი გათვალისწინება აუცილებელია.

უმეტესობა იმისა, რასაც რუსები საჯაროდ ამბობენ ომის შესახებ, არ გამართლდა. სიმართლე რომ ვთქვათ, მათ თავი შეირცხვინეს ფრონტის ხაზზე ბევრი მიმართულებით. არ მგონია, რომ სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ მალე შეიცვალოს. არ მგონია, რომ მათ შეუძლიათ ომის პარალელურად, ჯარების თავიდან გაწვრთნა და მათი ტრანსფორმაცია შეძლონ. ეს შესაძლებლობები მათ 10-15 წლის წინ ჰქონდათ. მათი არჩევანი იყო არაფერი შეეცვალათ, უკრაინამ სხვა არჩევანი გააკეთა და ამის შედეგები ფრონტის ხაზზე შეგიძლიათ დაინახოთ”, - განაცხადა გენერალმა ჯონსმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა რუსეთის ჯარის ტაქტიკას ამ ომში და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსები გადაჯგუფდებიან და სხვა ტიპის შეტევას დაიწყებენ 2023 წელს, გენერალმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარის, მათი ლიდერების ქმედება ძალიან სუსტია, თუმცა რუსეთი მაინც ის ქვეყანაა, რომელსაც ატომური იარაღი აქვს და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი მას ყურადღებას აქცევს.

„დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვინც ახლაც ჯარში მსახურობენ, ძალიან აქტიურად აკვირდებიან იმას, რასაც და როგორც რუსეთი აკეთებს და აკეთებდა ფრონტის ხაზზე. ვფიქრობ, ის, რაზეც ყველა თანხმდება ისა, რომ რუსული ჯარის, მათი ლიდერების ქმედება ძალიან სუსტია, საუკუნისწინანდელ ტაქტიკაზეა დაფუძნებული. ის ძველი, განუახლებელი, დაუხვეწავია. თავიანთ სტრუქტურაში სერჟანტებს თითქმის, არ იყენებენ. ისინი [რუსი სამხედროები] დამარცხდნენ, იძულებული გახდნენ, რომ უკან დაეხიათ და გაქცეულიყვნენ. ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ.

ვფიქრობ, ნატოსა და ამერიკის სამხედრო საზოგადოებაში, გაოცებულები იყვნენ მათი [რუსი სამხედროების] არაპროფესიონალიზმით. რუსეთი მაინც ის ქვეყანაა, რომელსაც ატომური იარაღი აქვს და ესაა ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი მას ყურადღებას აქცევს. არავინ ცდილობს, რომ რუსეთს რამეში, განსაკუთრებით კი სამხედრო საქმეში მიბაძოს”,- განაცხადა მან.

გენერალს ასევე დაუსვეს კითხვა, როგორ ხედავს ამ ომის დასასრულს და როგორი წარმოუდგენია უკრაინის შესაძლო გამარჯვება, რაზეც გენერალმა ჯონსმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან რთული შეკითხვაა“.

“არ მგონია, რომ ჯერ ვინმეს ამაზე პასუხი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, უკრაინას სჯერა, რომ შეუძლია განდევნოს რუსეთი ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. თუ ეს იქნება [ომის დასრულების] კრიტერიუმი, მაშინ სავარაუდოდ, უფრო გრძელვადიან ომზე ვსაუბრობთ.

მეორე მხრივ, თუ რუსეთი მზად იქნება ისეთი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც უკრაინელი ხალხისთვისაც მისაღები იქნება, რაც, ალბათ უნდა მოიცავდეს იმ დათქმასაც, რომ აღარსად, მათ შორის, არც საქართველოში, არ უნდა შეიჭრან, მაშინ არსებობს შანსი, რომ 2023 წელს რაიმე ტიპის მოლაპარაკებით დასრულდეს [ომი]. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა ამის განჭვრეტა”,- განაცხადა მან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს