ახალ ლოკაციებს შორის, რომელთა საკურორტო ზონად ქცევას მთავრობა გეგმავს, ჭუთხარო, ზეკარი, სამშვილდე და ურაველი შედის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ლოკაციებს ასახელებს, რომელთა საკურორტო ზონად ქცევას მთავრობა გეგმავს.

როგორც ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განმარტა, იმ ლოკაციებს შორის, რომელთა განვითარებაცაა დაგეგმილი, შედის რაჭაში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი ჭუთხარო, ასევე ზეკარი, სამშვილდე და ურაველი.

„2022 წლის განმავლობაში, პრემიერის დავალებით ჩვენ 100-ზე მეტი საკურორტო ადგილის შესწავლა მოვახდინეთ, თუმცა აღწერილი არის 300-მდე. 2023 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ სამასივე ადგილს შევისწავლით. ახლა დავიწყეთ ამ კურორტებზე დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, პროფესიონალური კომპანიების ჩართულობით. 2023 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ 50-მდე საკურორტო ადგილზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდება. მარტის თვიდან დავიწყებთ პრივატიზების პროცესს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების პარალელურად, ჩვენ ვაკეთებთ სივრცით დაგეგმარებას, იმიტომ, რომ არ გვინდა ქაოტური განვითარება როგორიც მივიღეთ, სამწუხაროდ, პოპულარულ საკურორტო ადგილებში. ხდება ამ ადგილების დაგეგმვა და ამ გეგმის მიხედვით მოუწევს ინვესტორს კურორტის განვითარება.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, ერთი მხრივ, გვინდა ახალი საკურორტო ადგილები და ამაზე მუშაობა პარალელურად მიდის, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნის იერსახე მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია ამ ტურისტულ ადგილებში. ამაში ყველა ვთანხმდებით. ეს არის წლების დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ჩვენ გვინდა ქვეყნის, მათ შორის, ვიზუალური ტრანსფორმაციაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.

ჩვენ წინასწარი კვლევები გვაქვს გაკეთებული. ეს არის რაჭასა და ქვემო სვანეთში ახალი ლოკაცია ჭუთხარო, ეს არის პოტენციური კურორტი, რომელიც შეიძლება იყოს წამყვანი კურორტი სამთო-სათხილამურო მიმართულებით. მას რამდენიმე ასეული მილიონი ლარისა თუ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. კურორტების ჩამონათვალში გვაქვს ჭუთხარო, რომელიც იქნება შეთავაზებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფისთვის. ასევე, ურაველია ამ სიაში, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტი იყო და აღდგენა შეიძლება. ჩვენი სია ძალიან დიდია. ზეკარი ასეთივე კურორტია, რომელიც ახალია და დიდი პოტენციალი გააჩნია კახეთის რეგიონში. სამშვილდე, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვისაა. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება იქ მისასვლელი გზა და ინფრასტრუქტურა მოაწყოს და შესაბამისი გარემო შექმნას, რომ ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი. ამ სიაში ბევრია არსებული, ცნობილი და დავიწყებული, ყოფილი კურორტი, ზოგი არის ნაკლებად ცნობილი და მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა