საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „ტექინფორმის“ წლის საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის („ტექინფორმი“) წლის საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო.

სტუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, „ტექინფორმის“ დირექტორი ნელი მახვილაძე, დირექტორის მოადგილე მარიამ რაზმაძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის საქმიანობის ანგარიში დირექტორმა, ნელი მახვილაძემ წარადგინა. მისი თქმით, 2022 წელი „ტექნიფორმისთვის“ შრომატევადი, ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

„2022 წელი ინსტიტუტისთვის საკმაოდ ნაყოფიერი, მრავალი სიახლის და ინიციატივის მომტანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ინიცირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რომელსაც ინსტიტუტი შეუერთდა. ესაა, „ღია მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია ეროვნულ დონეზე და ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის პრინციპების დანერგვა საქართველოს სამეცნიერო ეკოსისტემაში“. ინსტიტუტი ნოემბერში ღია მეცნიერების ფორუმის და EOSC ასოციაციასთან სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების საკითხებში ჩაერთო და ეროვნულ დონეზე ღია მეცნიერების პოლიტიკის შემუშავების გუნდის წევრი გახდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის სიმპოზიუმში (EOSC Symposium 2022), სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ სახელით წარადგინა პრეზენტაცია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მარინა რაზმაძე გახდა ჰორიზონტ ევროპის 2021-2027 პროგრამის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირი, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუტ „ტექინფორმს“ და სხვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას, ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციების დაგეგმვას“, - განაცხადა ნელი მახვილაძემ.

რექტორმა სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, ყველა თანამშრომელს იმ ნაყოფიერი მუშაობისათვის, რომლის შესახებაც ინსტიტუტის დირექტორმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინსტიტუტი ერთგვაროვან ბრენდს წარმოადგენს, რომელიც ქმნის და ამუშავებს სხვადასხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზას, სამეცნიერო პოტენციალის, მეცნიერებათმზომელობის და საქართველოს სამეცნიერო ეკოსისტემის გაანალიზების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ბოლო შემუშავებული მონაცემთა ბაზა არის სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემა, რომელიც 2020 წელს შემუშავდა და ეტაპობრივად ივსება და ვითარდება. წარმატება მინდა გისურვოთ ამ მეტად საჭირო საქმიანობაში“, - განაცხადა პროფესორმა, დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, „ტექინფორმი“ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის საქმიანობა მოიცავს ფართო სპექტრს, კერძოდ სამეცნიერო-კვლევით და ანალიზურ სამუშაოებს, სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციების და რეკომენდაციების შემუშავებას, ახალი საინფორმაციო სისტემების შექმნას და დანერგვას, საინფორმაციო რესურსების შექმნას, სამეცნიერო შრომების დეპონირებას, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათი ტრანსფერის (გადაცემის) ხელშეწყობას, საერთაშორისო თანამშრომლობას და საგამომცემლო მომსახურებას.

ასევე, „ტექნიფორმი“ ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელიც თავს უყრის სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს სამეცნიერო პუბლიკაციებს და მის ბაზაზე გამოსცემს ქართულ რეფერატულ ჟურნალს (ქრჟ), ქართულ და ინგლისურ ენებზე. „ტექინფორმის“ ძირითადი და უპირველესი ამოცანაა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელება. სხვადასხვა დროს „ტექინფორმს“ შესრულებული აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოები, რომლებმაც ბიძგი მისცეს საქართველოში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. ასევე შეიქმნა კონცეფციები, რის საფუძველზე შემდგომში დაარსდა სხვადასხვა სტრუქტურები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო