სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები მიიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები მიიტანა.

„ქალბატონო სალომე, მოგმართავთ საქართველოს ათასობით მოქალაქის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან;

მოგმართავთ რუსეთთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების სახელით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვალია ბებოს სახელით და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირის, დავით რატიანის დედის, ქალბატონი ნაზის სახელით.

მოგმართავთ ათასობით ემიგრანტის სახელით, რომელთაც დატოვეს საქართველო და აუცილებლად, ძალიან მალე დაბრუნდებიან უკეთეს საქართველოში.

მოგმართავთ ქართველი ექიმების სახელით, ქართული საზოგადოებისა და ქართველი პატრიოტების სახელით,

მოგმართავთ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების სახელით, რომლებიც საერთო მიზანმა გაგვაერთიანა:

ეს მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, საქართველოს მომავლისა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის შენარჩუნებაა.

მოგმართავთ რწმენით, რომ შეგვიძლია ერთობა და კრიტიკულ სიტუაციაში ღირსეული გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების რომელიც ნაკარნახებია საქართველოს ინტერესებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით, ნაკარნახებია საქართველოს ისტორიით!

გთხოვთ, შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მივცეთ ერთმანეთსა და ჩვენ ქვეყანას საშუალება დავიწყოთ ახალი წელი, ახალი ფურცლიდან.

დავიწყოთ ახალი წელი შერიგებით, დავიწყოთ ახალი წელი ჰუმანური მიზნის გარშემო ერთიანობით!

სწორედ ამ მიზნით, მოგმართავთ თხოვნით გამოიყენოთ თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით მონიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №556 ბრძანებულების (შეწყალების წესი) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჰუმანიზმის პრინციპიდან, ასევე სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი”,-აღნიშნულია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო