ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს თავი გამოიჩინა აგრესიული თავდასხმებით ჩვენ დასავლელ მეგობრებზე, ელჩებზე - თავისივე ხელით ახადა ფარდა სიცრუეს, რომ თითქოს პროდასავლური ძალა იყო

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს თავი გამოიჩინა აგრესიული თავდასხმებით ჩვენ დასავლელ მეგობრებზე, მათ ელჩებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ხელით ახადა ფარდა სიცრუეს, რომ თითქოს ის იყო პროდასავლური ძალა.

„შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმას ევროკავშირის ყოფილ ელჩზე, ჰარცელზე, რომელიც გამორჩეული დიპლომატია და დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. იყო თავდასხმები აშშ-ის საელჩოზე, სენატის წევრებზე, ევროპარლამენტარებზე. გამორჩეული წელი იყო თავდასხმების ოდენობის თვალსაზრისით და აგრესიულობით.

ამავდროულად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა თავისი ქვედანაყოფი, რომელსაც დაარქვა "ხალხის ძალა", ეს ქვედანაყოფი კიდევ უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების მიმართ და ეს არის გამორჩეული 2022 წელს „ქართული ოცნების“ ხელწერაში. საბოლოოდ თავისივე ხელით ახადეს ფარდა მათ სიცრუეს, რომ თითქოს ის იყო პროდასავლური ძალა და ყველამ ნათლად დაინახა, რომ ეს ძალა არანაირ კავშირში არ არის ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებთან. ეს ძალა ატყუებდა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ თითქოს მისი ამოცანა იყო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფი ინტეგრაცია და სინამდვილეში თავისი ხედვით, ღირებულებებით აბსოლუტურად არანაირად არ არის დასავლეთთან და ეროვნულ ინტერესებთან კავშირში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2022 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით საქართველო ასოცირების ტრიოდან გათიშა.

„ტრაგიკული მოვლენების ფონზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ის, რომ ევროკავშირმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა ანუ მიღებული იქნება ევროკავშირის წევრად ერთ მშვენიერ დღეს, ამას ნიშნავს ევროპერსპექტივა. ეს არის ისტორიული მოვლენა, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ჩვენი ქვეყნისთვის სჭირდება ძალისხმევა, პოლიტიკური ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.

„ქართულმა ოცნებამ“ კვლავ გამოიჩინა თავი იმით, რომ მისი მოქმედების შედეგად ჩვენ გაგვთიშეს ტრიოდან. გაგვთიშეს იმიტომ, რომ საქართველომ შეაჩერა რეფორმები და მნიშვნელოვანი და საგრძნობი უკუსვლაა დემოკრატიის მიმართულებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2022 წელი დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში თავიდანვე გაუგებარი პოზიცია დაიჭირა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების ბუნებიდან მათ თავიდანვე დაიჭირეს გაუგებარი პოზიცია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ჩემ პარლამენტში ყოფნის დროს თავს იკავებდნენ. ამოიღეს პარლამენტის რეზოლუციიდან რუსეთის ფედერაციის როგორც აგრესორის ხსენება. თითქოს დაძაბულობა უკრაინაში სხვა ვინმემ შექმნა და არა რუსეთის ფედერაციამ. ამის გაგრძელება იყო, რაც მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, რომელიც მთელმა დასავლურმა სამყარომ დაუწესა რუსეთის ფედერაციას, შემდეგ სიტყვიერი თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ყველაზე ცუდი რამ, ვერანაირად ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ჩასულიყვნენ კიევში და იქ გამოეცხადებინათ სოლიდარობა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო