2022 წელს მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების ფონზე როგორია 2023 წელს საქართველოს პერსპექტივები

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 2022 წელს რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში, ამ ცვლილებების გათვალისწინებით სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს 2023 წელი ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს და „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში?

თენგიზ ფხალაძე - მსოფლიო არამხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია, არამედ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება, სადაც რუსეთს აღარ და ვეღარ ექნება ის როლი, ის პრივილეგია, რითაც აქამდე სარგებლობდა

გიორგი ანთაძე - 2022 წელს შავის ზღვის რეგიონი ფაქტობრივად, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრად იქცა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დროა დასავლეთმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო მწყობრი და გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს

თენგიზ ფხალაძის თქმით, ცვლილებები მართლაც მასშტაბურია და ყველა განზომილებას შეეხო: პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ფინანსური სფერო, ინფრასტრუქტურა, კიბერ სივრცე.... არაფერი დარჩენილა, რასაც ომი პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებია, თუმცა უმთავრესი არის მსოფლიო წესრიგი და უსაფრთხოების სისტემის ცვლილება.

მსოფლიო არამხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია, არამედ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება, სადაც რუსეთს აღარ და ვეღარ ექნება ის როლი, ის პრივილეგია, რითაც აქამდე სარგებლობდა. - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომელიც თვლის, რომ მომხდარი თავად რუსეთის აგრესიული, იმპერიულ-რევანშისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. ომისთვის რუსეთი დიდ ხანს ემზადებოდა. გარდა იმისა, რომ ულტიმატუმის მოთხოვნებიც აბსურდული იყო, თავად ფორმაც მიუღებელი იყო. როცა პრობლემის მოგვარება სურთ, ასე არ საუბრობენ.

მისივე თმით, „რუსეთის ამოცანა იმთავითვე ვითარების დაძაბვა, დასავლეთის დაშინება და უკრაინაში შესაჭრელად კაზუს-ბელის შექმნა იყო. მერწმუნეთ, დასავლეთი ულტიმატუმს რომც დათანხმებოდა, შედეგად კიდევ უფრო აგრესიულ რუსეთს მიიღებდა. საბოლოო ჯამში პუტინმა ვერც დასავლეთის ერთიანობა გათვალა, ვერც უკრაინის ეროვნული მედეგობა და შედეგად სრულიად საპირისპირო მოცემულობა დადგა: კრემლის პოლიტიკის სრული კრახი უკრაინაში, სანქციები და საერთაშორისო ზეწოლა.“

შედეგად კი მივიღეთ ასეთი სურათი - უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეპტში პირველად იქნა აღიარებული რუსეთი საფრთხედ, ევროკავშირმა კი გაფართოების პოლიტიკას გადახედა და დღეს, უკვე გერმანიის კანცლერი ალაპარაკდა ერთიან ევროპაზე „ლისაბონიდან თბილისამდე“.

„იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა აქვს, თუკი მოცემულობას სწორად გამოვიყენებთ და საკუთარ თავს თავადვე არ დავაზარალებთ.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

გიორგი ანთაძე თვლის „2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ძვრების საწყისი წერტილი. ამ დღეს რუსეთი შეეცადა საბოლოო წერტილი დაესვა ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისათვის.“

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ განწყობებში. როგორც ჩანს დასავლეთში, ხვდებიან იგივე სამხედრო მრეწველობის ხელახალი განვითარების აუცილებლობას. არსებულმა კრიზისმა კარგად აჩვენა რამდენად მოუმზადებელია იგივე ევროპა ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტებისათვის.

თუმცა, ყველა ეს მოვლენა ერთ რამეს მიანიშნებს, რომ 2022 წელს შავის ზღვის რეგიონი ფაქტობრივად, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრად იქცა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დროა დასავლეთმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო მწყობრი და გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს.“- აცხადებს გიორგი ანთაძე

რამდენად მზადაა კოლექტიური დასავლეთი და აშშ რუსეთთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში იყოს პუტინის რუსეთთან?

თენგიზ ფხალაძე - რამდენადაა მზად თავად რუსეთი ასეთი დაპირისპირებისათვის? პასუხი ცალსახად უარყოფითია

გიორგი ანთაძე - დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას კვლავინდებურად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა

თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ კითხვა პირიქითაა დასასმელი - „რამდენადაა მზად თავად რუსეთი ასეთი დაპირისპირებისათვის? პასუხი ცალსახად უარყოფითია. ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული კანონზომიერებაცაა.“

მისივე აზრით, თავისი შინაარსით რუსეთის იმპერია ანაქრონიზმია, ისტორიულ-პოლიტიკური რუდიმენტი, რომელიც ტერიტორიული ექსპანსიის იდეას აღიქვამს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საფუძვლად. 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს.

„პუტინმა ის წითელი ხაზები გადაკვეთა, რომელთა მიღმაც მხოლოდ ძალადობა და მუდმივი დესტაბილიზაციაა. მან საკუთარი თავი აქცია ტოქსიკურ პოლიტიკოსად, რომელთანაც ურთიერთობასაც ყველა ერიდება. - აცხადებს თენგიზ ფხალაძე და თვლის, რომ „უკრაინაში შეჭრით პუტინი ვა-ბანკზე წავიდა და უკან დასახევი გზა მოიჭრა. შედეგად მისი გარემოცვა და მისი რეჟიმის დამფინანსებლებიც დიდი პოლიტიკური და ფინანსური წნეხის ქვეშ მოექცნენ. პუტინი აქამდე ხელშეუხებელი იყო, რადგან მის ქმედებებს კრემლის სისტემისთვის სარგებელი მოჰქონდა. დღეს კი იგი მხოლოდ ზიანის მომტანია.“

მეტიც, მისივე თმით, ახლა ისეთი ვითარებაა, რომ დასავლეთი უაღრესად მტკიცე და ერთიანია საკუთარ გადაწყვეტილებებში. კრემლის იმედები, რომ „ევროპა გაიყინება“ და სოციალური პროტესტის ტალღა აიძულებს მას სანქციების შესუსტებას, ფუჭი აღმოჩნდა ეს მოსაზრება იმთავითვე საფუძველს მოკლებული იყო.

თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ მთელი რუსეთი დღეს იდეოლოგიური საწამლავითაა გაჟღენთილი და მისგან განკურნებას თაობები დასჭირდება. ეს პროცესი საკმაოდ რთული და მტკივნეულია. „საქართველოსთვის მთავარია, მზად ვიყოთ რუსეთში გარდაუვალი ცვლილებებისთვის და გამოვიყენოთ ეს მოცემულობა ბოროტების იმპერიის გავლენებისაგან საბოლოოდ თავის დასაღწევად. - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

გიორგი ანთაძე აზრით, ამ შეკითხვაზე პასუხს ორი მთავარი პლასტი გააჩნია - სამხედრო და პოლიტიკური. „სამხედრო თვალსაზრისით ხანგრძლივი ომის პირობებში დასავლეთის დღევანდელი მდგომარეობით გაუჭირდება შესაბამისი რაოდენობის ტექნიკითა და აღჭურვილობით უკრაინის მომარაგება... მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წლის პირველ ნახევარში როგორი იქნება უკრაინის სამხედრო ძალების მოქმედებები და რამდენად დიდ წარმატებებს მიაღწევენ ისინი, თუმცა ვიმეორებ რომ ამისათვის აუცილებელი იქნება დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაზრდა.“- აღნიშნავს გიორგი ანთაძე.

მისივე თქმით, ომში რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმისთვის, რომ მოვლენები არ განვითარდეს არა სასურველი სცენარით, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას კვლავინდებურად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას დიდი არჩევანი არ ექნება და ჩვენ შეიძლება დაუსრულებელი ომის მომსწრენიც კი გავხდეთ.

გიორგი ანთაძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის ფონზე იკვეთება, რომ აშშ ამ ომის მიუხედავად, მთავარ საფრთხედ მაინც ჩინეთს განიხილავს და მისი ყურადღების დიდი ნაწილი სწორედ მაქეთ იქნება მიმართული, მათ შორის მთლიანად დასავლეთისაც.

„იმისთვის, რომ მოვლენები არ განვითარდეს არა სასურველი სცენარით, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას კვლავინდებურად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას დიდი არჩევანი არ ექნება და ჩვენ შეიძლება დაუსრულებელი ომის მომსწრენიც კი გავხდეთ. - დასძენს გიორგი ანთაძე.

როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, პოზიციებს, საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას, საშინაო პოლიტიკაში დასავლეთისა და აშშ-ს მიმართ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ რიტორიკას?

თენგიზ ფხალაძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავზე ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთ რიტორიკას მოვისმენდი

გიორგი ანთაძე - საქართველოს მხრიდანაც მთავარ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში რაიმე რადიკალური ცვლილება არ იგრძნობა და არ ყოფილა ამის ფაქტები

თენგიზ ფხალაძე თვლის, - „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში ხდება. ამაზე ადრეც გვისაუბრია და სამწუხაროდ ვითარება არ იცვლება. თუკი რამ კარგს ვაკეთებთ, იმასაც კი ვანგრევთ მეორე ხელით და საკუთარ თავს ყოველდღიურად ახალ-ახალ პრობლემას ვუქმნით. აღარ დავიწყებ ამ მაგალითების ჩამოთვლას. მთავარი ისაა, რომ ქვეყანა ზარალდება.“

მისივე თქმით, დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც უნდა იყოს და გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და ახალ ერთობლივ პროგრამებზე უნდა ვსაუბრობდეთ. ანაკლიაც აშენებული უნდა გვქონდეს, უსაფრთხოების ახალ გარანტიებს უნდა ვიღებდეთ და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვისაც.“

თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, ის პოლიტიკოსები, ვინც ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს უხვად აფრქვევს, მათ ინფორმაციაზე სრული წვდომა აქვთ და მიღებული ინფორმაციის შინაარსის გაგებისა და სათანადო დასკვნის გამოტანის უნარიც შესწევთ, მაგრამ ამჯობინებენ მოსახლეობა შეთქმულების თეორიებით კვებონ, ვიდრე საკუთარი შეცდომა აღიარონ და პასუხისმგებლობა აიღონ.

„ეს ყოველივე კი საბოლოო ჯამში საქართველოს აზარალებს. ზოგადად კი, კვლავაც გავიმეორებ, პოლიტიკოსები ისე იქცევიან, რის უფლებასაც თავად მოქალაქეები აძლევენ.“ - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

გიორგი ანთაძე თვლის, რომ საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის აშშ და დასავლეთის მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. ასე იყო ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდამ და ასე დარჩება მომავალშიც, მანამ სანამ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ითვლება და მისკენ მიისწრაფვის.

„იმ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში ქვეყნის გადარჩენა, რომელშიც ახლა ვართ წარმოუდგენლად რთული იქნება საქართველოსთვის დასავლეთის შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე.“- აღნიშნავს გიორგი ანთაძე, რომლის აზრითაც, ის, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ აქვს სტრატეგიული კურსი აღებული და ეს ისტორიული არჩევანია დასავლეთშიც კარგად იციან, ამიტომ პერიოდული მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობების და წარუმატებლობების მიუხედავად, კოლექტიური დასავლეთის მხრიდანაც სტრატეგიული უგუნურობა იქნებოდა საქართველოზე ხელის ჩაქნევა, ან მისი დასავლური პერსპექტივისთვის უარის თქმა.

„საქართველოს მხრიდანაც მთავარ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში რაიმე რადიკალური ცვლილება არ იგრძნობა და არ ყოფილა ამის ფაქტები არცერთ პლატფორმაში სადაც ჩვენ როგორც ქვეყანა ვმონაწილეობთ. - დასძენს გიორგი ანთაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, დღეს არსებული პოლარიზაციის გათვალისწინებით შიდაპოლიტიკური ქულების დასაწერად, ხშირად ვისმენთ ანტიდასავლურ განცხადებებს ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა არ ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ არჩევანს და ეროვნულ ინტერესებს.

„გლობალური და რეგიონული მოვლენები საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება, ამიტომ შიდაპოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციას დიდი მნიშვნელობა ექნება.“ - აღნიშნავს გიორგი ანთაძე

რამდენად ადეკვატურად რეაგირებს რეგიონულ გამოწვევებზე საქართველოს ხელისუფლება?

თენგიზ ფხალაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, მეორედ გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

გიორგი ანთაძე - გიორგი ანთაძე - კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული ხაზი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაციონალური და სწორია

თენგიზ ფხალაძის თქმით, „გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ამაზე თუნდაც რამდენიმე დღის წინ გამართული ბუქარესტის უმაღლესი დონის სამიტიც მეტყველებს, სადაც შავი ზღვის ფსკერზე, საქართველოს გავლით, ტრანსრეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს მწვანე შუქი საბოლოოდ აენთო.“

ასეთი პროექტები კიდევ ბევრია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, ანაკლიის პორტი, თქვენს მიერ ნახსენები ენერგომატარებლების ტრანსპორტირება და სხვა. ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოვინდომეთ. მაგრამ თუ დროს და ენერგიას ისევ ოპონენტის ლანძღვას და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ზოგადად დასავლეთთან უაზრო ქიშპს მოვახმართ, არაფერი გამოვა. „დღეს ისტორიული მომენტია და მის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

გიორგი ანთაძე თვლის, რომ „ჯამში სტრატეგიული გადმოსახედიდან დადებითად შეიძლება შეფასდეს ის აქტივობები რომელშიც რეგიონული პროცესების გათვალისწინებით საქართველო იყო ჩართული, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილშიც.“

მისივე თმით, „კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული ხაზი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაციონალური და სწორია. ასევე რეგიონულ მოთამაშეებთან მიმართებაშიც“. იგი თვლის, რომ „დღეს შიდაპოლიტიკური რადიკალიზაცია საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.“

რა და როგორი ტიპის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2023 წელს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის გზაზე?

თენგიზ ფხალაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, მეორედ გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

გიორგი ანთაძე - 2023 წელიც აქტიური პროცესების წელი იქნება, ჩვენ სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღეს არსებული რეალობიდან და შექმნილი შესაძლებლობები მომგებიანად გამოვიყენოთ

თენგიზ ფხალაძის აზრით, პრობლემები ბევრია, მაგრამ ყველაფერი ორ მნიშვნელოვან მოვლენით შეგვიძლია შემოვსაზღვროთ - პირველი - გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოხდება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის და ზოგადად პოლიტიკური პროცესის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

მისივე თქმით, ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, მეორედ გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.“ - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ მეორე გახლავთ ნატოს მომავალი სამიტი ვილნიუსში. „ძალიან სერიოზული ძალისხმევა და შეთანხმებული ქმედებები გვჭირდება, რომ მომავალი სამიტის ფინალური დოკუმენტი საქართველოსთვის პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც დაცულობის ახალი გარანტიების მომნიჭებელი იყოს.“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე და თვლის, რომ ეს ორივე შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ, ვიმუშავებთ და მთელი ყურადღებას ეროვნულ ინტერესებზე გადავიტანთ.

გიორგი ანთაძე თვლის, რომ „12 პუნქტიდან 11 აბსოლუტურად შესრულებადია და უნდა ველოდოთ ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს ახლო მომავალში. დანაშაული იქნებოდა კონკრეტული ევროპული პერსპექტივის მისაღებად არა სათანადო ძალისხმევის გაღება, ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად დამთავრდება.“

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უგულებელყოფა დასავლეთისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ იმედი მაქვს ამ მხრივ საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდება.

„ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი თუ გამოწვევა დაძლევადია დროთა განმავლობაში და არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები გადააყოლო, ამიტომ ამაზე დაფიქრება ყველა მხარეს მართებს ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს.“ - დასძენს გიორგი ანთაძე

მისივე თმით, გლობალური კონტექსტი საქართველოსგან პროაქტიულ და კრეატიულ მოქმედებებს მოითხოვს და არა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე ენერგიის ხარჯვას. „2023 წელიც აქტიური პროცესების წელი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ დღეს არსებული რეალობიდან და შექმნილი შესაძლებლობები მომგებიანად გამოვიყენოთ.“ - აღნიშნავს გიორგი ანთაძე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა