მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„წლევანდელ ღონისძიებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი - ნინო მაჩაიძე (ოპერის მომღერალი, იტალია);

მეცნიერებაში შეტანილი წვლილი - ზურაბ გუგუჩია (შვეიცარია);

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი - თემურ ბაბლუანი (კინორეჟისორი, საფრანგეთი);

ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი - სულხან იდოიძე (ესპანეთი) და სალომე გორგილაძე (პორტუგალია); წლის წარმატებული სპორტსმენი - გიორგი მამარდაშვილი (ესპანეთი);

სპეციალური პრიზი - კონსტანტინე ციციშვილი (პოლონეთი).

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი", რომელშიც ირალნდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსმა და ტაკიჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ქვეყნები ნელ-ნელა აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ძლიერი დიასპორა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან ეს არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რომელიც ქვეყანას დიასპორის სახით გააჩნია. მთავრობა უკვე მუშაობს ამ პოტენციალის რეალიზების მიმართულებით, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ტექნოლოგიები, კომუნიკაციის საშუალებები დიასპორასთან მუდმივი კონტაქტის შესაძლებლობას გვაძლევს. დიასპორა ეროვნული სიმდიდრეა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გაუთავებელი არეულობა და რყევებია. ყველა ქვეყანას და მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს სჭირდებათ მეგობრები. გყავდეს დიასპორა - ნიშნავს გყავდეს მეგობრები მთელ მსოფლიოში", - განაცხადა კინგლის აიკინსმა.

„44 წელია უკვე იაპონიაში ვმუშაობ იმისთვის, რომ იაპონელებს გავაცნო ქართული კულტურა და საქართველო. აღფრთოვანებული ვარ ამ ჯილდოს მიღებით. ვფიქრობ, ეს ჯილდო მიმანიშნებს, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელო ეს საქმიანობა. მე დღეს მივიღე ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი" - აღნიშნა ტაკიჰიდე ჰარადამ.

საგარეო უწყების განმარტებით, ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, რომლებმაც ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან პროფესიულ წარმატებას მიაღწიეს და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი", ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლები - „საქართველო" (ნიდერლანდების სამეფო), „თამარიონნი" (პარიზი), „კავკასია" (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი" (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით" (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები".

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო