კახა კალაძე - საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყოველი ოჯახისთვის - დაე იყოს მშვიდობა და სიყვარული

თბილისის მერიის ორგანიზებით, ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც თანამემამულეებს სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

„მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. მინდა მივესალმო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები ჩვენს აფხაზებს, ოსებს. დღეს, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყოველი ოჯახისთვის. დაე იყო მშვიდობა, სიყვარული, მეტი პატივისცემა ადამიანებს შორის! დაე იყოს კეთილდღეობა! დღეს ამ სცენიდან, ჩვენი ტოლერანტული, მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი და მაინც სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქიდან მინდა მოგილოცოთ 2023 წლის შემობრძანება. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ მშვიდობა. დღეს, მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მინდა, რომ 2023 წელი იყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლით, სიყვარულით სავსე. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია. გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ განსაკუთრებით მიულოცა იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, ემსახურება ხალხს და ჩვენს ქვეყანას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო მათ.

ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს სურვილები ხდებაო. მოდით, ნამდვილი დღესასწაული ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს; ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საახალწლო სუფრას ვერ მიუჯდა. გილოცავთ ახალ 2023 წელს! გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლებოდეთ. მიყვარხართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტს დედაქალაქის მერთან ერთად ესწრებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

ევროპის მოედანზე მოწყობილ სამ სხვადასხვა სცენაზე წარმოდგენილი იყო ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, კოტე ყიფიანი, ნინო სურგულაძე, ნანი ბრეგვაძე, დუდანა მაზმანიშვილი, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, New One, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, The Quintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე და ოთო ჯორჯიკია.

საღამოს უძღვებოდნენ ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი