საფრანგეთში საქართველოს ელჩი ლევილის მამულზე - გულსატკენია, როცა ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელ ნაწილზე მიტანა და იმის არ ხსენება, რაც გაკეთდა ან კეთდება, არ არის კარგი

ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და იმის არ ხსენება, რაც გაკეთდა ან კეთდება, არ არის კარგი, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყანამ ლევილის მამულის პროექტის განხორციელებისთვის 5,6 მილიონი ევრო გამოყო და საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს.

„არავის კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც მიწოდებული ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებით გულწრფელი წუხილი და აღშფოთება გამოხატა. უფრო მეტიც, ყველა გულწრფელად შეწუხებული ადამიანის მადლიერიც კი ვარ. უბრალოდ, ჩემი წილი ობიექტურობითა და სამართლიანობით მოგაწვდით ინფორმაციას ლევილში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ დავობს იმაზე, რომ ლევილის შატო (მე-17 და მე-18 საუკუნეში აშენებული შენობა) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამას აცნობიერებს მთავრობაც და ყველა, ვისაც მამულთან აქვს ან წარსულიდან ან დღეს შეხება. როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობდა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი და ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა, რეალიზება და შემდეგ დოსიების შედგენა, საქართველოს საკუთარი ხარჯებით მოუწია. ალბათ, წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები. მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას თითქმის 2 წელი დასჭირდა, რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მამულის მთელი ტერიტორია მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და მამულისა და შატოს რეაბილიტაცია რეალურად იწყება, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები. იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ.

შედგა რეაბილიტაციისათვის საერთო, გლობალური პროექტი და სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში მნიშვნელოვანი წიგნები და არქივი არ დაზიანებულიყო, ამასთან მუდმივი სტატუსით მცხოვრები პირები შატოს შენობიდან (რეაბილიტაციისათვის) გამოგვეყვანა, ორანჟერიის პროექტი გლობალურ პროექტს მაშინვე პრიორიტეტულად გამოეყო და შატოს უკანა მხარეს ბიბლიოთეკა მოეწყო. სწორედ იქაა ბიბლიოთეკა მოწყობილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომით, ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული. ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, არ არის დარჩენილი არც ერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი. იმდენმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დოქტორანტმა თუ სტუდენტმა, იმდენმა ბიბლიოთეკარმა იმუშავა ამ სხვენში, იმდენი წიგნი ჩამოვიტანეთ ბიბლიოთეკაში, იმდენი გამოვაგზავნეთ (პარტიებად) თბილისში, გარწმუნებთ არაფერია იქ განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტი დარჩენილი. ლევან თაქთაქიშვილი რომ არაფერ ღირებულს დატოვებდა იმ სხვენში, ვინც მას იცნობს დამეთანხმება.

მესმის, რომ ჩემგან ამ დოკუმენტების „ღირებულების“ განსაზღვრა უხერხულია, ამიტომ უფრო დეტალურად მოგახსენებთ. ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდე უფრო და მერეც ერთგვარ საწყობად იქცა, სადაც ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები ამოჰქონდათ, ან ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის ბინას დაცლიდნენ და ნივთებს სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ. ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იქ იხილეთ.

რასაკვირველია, ღირებულია კარლო ინასარიძის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მომზადებული გადაცემების სცენარების ასლები, კალისტრატე სალიას წერილის ასლიც მისი დოკუმენტების ყუთში იდო. არ არის არც ერთი დედანი. კალისტრატე სალიას ლევილში არ უცხოვრია და კალისტრატე და ნინო სალიებმა სიცოცხლეშივე გადასცეს საქართველოს პირადი არქივი. რადიო გადაცემისთვის სცენარშიც უწერია კარლო ინასარიძეს, რომ იმ დღეს მის წერილზე ისაუბრებდა.

ცხონებულმა კარლო ინასარიძემაც თავის სიცოცხლეშივე მოაწყო პატარა ბიბლიოთეკა შატოს უკანა შენობაში, სადაც ყველაფერი ღირებული, მათ შორის, მისი გადაცემების ფირებისა და სცენარების დედნებია შენახული. სხვენში დარჩენილია საბჭოთა პერიოდიკა, მნათობის, ცისკარის, დიდ შეკვრებად გაზეთები და ემიგრაციაში გამოცემული გაზეთების დარჩენილი ეგზემპლარები. ცნობილია, რომ ისინი 3000 ეგზემპლარად ბეჭდავდნენ, 1000-მდე ავრცელებდნენ და 2000 რჩებოდა. ფოტოებზე რაც ჩანს იმ წიგნებისა და ჟურნალების მრავალი ეგზემპლარია უკვე საქართველოს ეროვნულ არქივშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც. ასევე შენახულია ლევილის ბიბლიოთეკაში და სხვენში დარჩა ზედმეტი ეგზემპლარები. სხვენში დიაპოზიტივები რაც არის დარჩენილი, ძირითადად საბავშვო თემატიკისაა და მამია ბერიშვილის სარდაფი რომ დავცალეთ, ვაითუ რამე ღირებული იყოს-მეთქი, გადასაყრელად დამენანა და მე ავიტანე სხვენში. მერე აღმოჩნდა, რომ ტიერი ბერიშვილის ბავშვობისდროინდელი დიაპოზიტივები ყოფილა. იქვეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი თბილისისა და ჭიათურის დიაპოზიტივები, რომელიც როგორც ჩანს, საბჭოთა პერიოდში, მონატრებული ემიგრანტებისთვის საქართველოდან ჩაჰქონდათ. ვიცი, ზოგი მისაყვედურებს ზედმეტი რას ჰქვიაო. რას ჰქვია და ათასობით ეგზემპლარი რომ გაქვს, ყველგან რომ შეინახავთ და მაინც კიდევ ბლომად დაგირჩებათ, თქვენც ალბათ სადმე სივრცეში მოათავსებთ. პირობები დღეს არ არის კარგი. რაც გაფუჭებული ნახეთ ის ამ ბოლო წლებში არ გაფუჭებულა. საბჭოთა პერიოდის გამოცემების გადარჩენა არც არავის უცდია, საქართველოშიც საკმარისზე მეტია. ემიგრაციაში დაბეჭდილი მასალა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და ასობით ეგზემპლარი, როგორც მოგახსენეთ გადანახულია ყველა გამოცემისა და ყველა ნომრის.

ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება ამისი არ ხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა ნახეთ რა დღეშიაო - ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწადნახევარი, ახლა, მერწმუნეთ, სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს, მამულის ამჟამინდელი მმართველი - კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ-ნელა პროექტი წინ მიდის,“ - წერს გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქში“.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024