გია გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ჩვენება მისცეს

შემთხვევა შარაშიძის საცხოვრებელი სახლის წინ, აფთიაქში რომ არ ყოფილიყო, ეჭვები შეიძლება გაჩენილიყო [წინასწარ განზრახვაზე], მაგრამ ის ჩავიდა აფთიაქში, რაღაცები შეიძინა და მოტივი იქ გაჩნდა - მერაბიშვილს ასე რომ არ ეპასუხა, ალბათ, ინციდენტი არც იქნებოდა, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი 4 დღე არ გამოჩენილა და როგორ გაგრძელდება საქმე, იმაზეა დამოკიდებული, ის რა პოზიციას დაიკავებს.

ადვოკატის განცხადებით, გამომძიებელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს დაუკავშირდნენ და არაა წინააღმდეგი, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს.

„გუშინ შარაშიძე მივიდა საგამოძიებო უწყებაში და გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დეტალურად მოჰყვა. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი - ბუნებრივია, მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, არ არსებობს საქმეც. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან მიიღო რაღაც ხარისხის დაზიანება. თუ არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი. განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე. შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა შარაშიძე, თავად მერაბიშვილი კი საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო