მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია, საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე - სააკაშვილი წელიწადზე მეტია სისტემატურად ეზიარება, ამ საიდუმლოებებით კი ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატური ზიარებითა და სხვა რელიგიური საიდუმლოებებით რეალობას შეიცნობს.

მისი თქმით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი.

„როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი.

შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გარდა ამისა, როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედთან“ აღნიშნა, ეკლესია პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით ვერ მიმართავს, რადგან სახელმწიფო და იურიდიულ პროცესებში ვერ ჩაერევა.

ასევე, მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს.

„ეკლესიას უფლება არ გვაქვს, რომ შეწყალების აქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მთავრობაზე გავლენა მოვახდინოთ. ეკლესიის პოზიცია დაფიქსირებულია იმით, რომ მე აქ დავდივარ. მე თვითონ, როგორც თვითმხილველი, ბევრჯერ ვიმეორებ, რომ ჩემი ძალიან მკაფიო აზრი არის ასეთი, მან მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს. ჩვენ სახელმწიფო და იურიდიულ პროცესებში ვერ ჩავერევით. ჩვენ ამის პრეცედენტიც გვაქვს, მივმართეთ პრეზიდენტს დეკანოზი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით და პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო