ილია მეორე - ჩვენი მუდმივი ადგილი ამ ქვეყნად არ არის, ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი - უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ

ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის, ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ილია მეორეს ეპისტოლეშია აღნიშნული, ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ ჩვენი ხვედრი.

„დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი.“

თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

საშობაო ეპისტოლე სრულად

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ