მეუფე გრიგოლი - უკრაინაში მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც იქ საქართველოს იცავენ! - ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!

განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც [უკრაინაში] იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს - ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს იცავენ! - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

მეუფე გრიგოლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და შემწყნარებელი გარემოს შექმნა.

„ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ ზეცას და შევღაღადოთ ანგელოზთაგან ნაუწყები საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“. ეს საგალობელი უკვე ორი ათასი წელია გაისმის ეკლესიაში ყოველი მზის ამოსვლისას, საღვთო ლიტურგიის დაწყებისას. ახლა კი ის ვთქვათ, რამდენად ეხმიანება ჩვენი ყოველდღიური ყოფა ამ მოწოდებას?!

უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი! აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და, ასევე, შემწყნარებელი გარემოს შექმნა.

არ შეიძლება არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ დღეს ჩვენში მოძალებულია სიძულვილის ენა, ადამიანებს შორის გაუცხოება, ერთმანეთის აუტანლობა, ზღვარგადასული დაპირისპირება, საზოგადოებისა და ქვეყნის არათუ განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ უსაფრთხოებისთვის არის რეალური საფრთხის შემცველი. არადა, შერიგებას და პატიებას, შეცდომის აღიარებასა და ურთიერთშენდობას თითქოსდა არ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა!“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი.

მეუფე გრიგოლი ასევე საუბრობს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამბობს, რომ საზოგადოების „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა და შური.

„საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ მრავალმა სირთულემ, მათ შორის, საბჭოეთის მახასიათებელმა ტენდენციებმა, იჩინა თავი და ეს აშკარად იგრძნობა, უპირველესად კი - ჩვენი საზოგადოების მენტალობაში; ამ მხრივ, გამონაკლისი თითქმის არც კი არსებობს; სამწუხაროდ, ადამიანების თვით რელიგიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც კი გამოსჭვივის გარდასული (და, თითქოსდა, დაშლილი!) სისტემისა და იდეოლოგიის კვალი, რაც უკიდურესად გვიძნელებს ისედაც ძნელი გზის გავლას დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობისკენ, შებოჭილობიდან თავისუფლებისკენ, უპიროვნო მასაში ჩაკარგული ადამიანიდან პიროვნულობისკენ. ვფიქრობ რა ჩვენს დღევანდელობაზე, დღემუდამ სულ ეს კითხვა წამოტივტივდება და მაწუხებს: რა არის ის სენი, რომელიც შეგვეყარა და მისგან ვერასგზით ვერ განვიკურნეთ - განსაკუთრებით ამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში?

ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების დღემდე „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა, შური, ერთი სიტყვით, ის, რაც დიდმა ილიამ თავის ერთ-ერთ საპროგრამო ლექსში, „ბედნიერი ერი“ რომ უწოდა, ასე ზუსტად აღწერა - „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“. თუკი ეს მავნე სენი არ დავძლიეთ, თუკი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრში პიროვნება არ დავაფასეთ, თუკი მოყვასი ვერ შევიყვარეთ და მტრის მტრულ მცდელობებს პასუხი არ გავეცით, მაშინ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით მომავლის საზოგადოებად“,- აღნიშნულია მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო