ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ „სააკაშვილის სიის“ შედგენის მიზნით, რომელიც „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი იქნება, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული სია, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება, პარტიის მიერ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ შედგება.

როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განმარტა, სიის შედგენას სამუშაო ჯგუფის შექმნა და პარტიის შიგნით კონსულტაციები დასჭირდება.

ამასთან, მან თავი შეიკავა სახელებისა და გვარების დასახელებისგან, ვინც შეიძლება აღნიშნულ სიაში შევიდნენ, თუმცა განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყვნენ იგივე ადამიანები, რომლებიც უკრაინელების მიერ შედგენილ სასანქციო სიაში აღმოჩნდნენ.

„ბრაუდერი არის ავტორი ცნობილი „მაგნიტსკის სიის“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, არის უფლებადამცველი, რომელიც მუშაობდა იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე, ვინც პუტინის პირად მტრად აღიქმებოდნენ. შესაბამისად, „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთი ავტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში.

თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე გამოქვეყნდა სავარაუდო სია, ვინც პირდაპირ ჩართულია რუსულ დიდ ჯგუფებთან კოლაბორაციაში, მაშინ როდესაც დღეს რუსეთი ახორციელებს ამ ტერორისტულ აქტს უკრაინაში და ამის პარალელურად ახერხებენ ახალი ბინზესპარტნიორების პოვნას საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს სია იქნება იგივე, რაც შეადგინეს უკრაინელებმა, სადაც მოხვდნენ ადამიანები, ივანიშვილის გარემოცვიდან - არ გამოვრიცხავ, იყოს იგივე ადამიანებისგან დაკომპლექტებული. დაველოდოთ, წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, რთულია. შეიქმნება, დიდი ალბათობით, ჯგუფი, მაგრამ ამას კიდევ და კიდევ წინ ექნება კონსულტაციები, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური სუბიექტები იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

წინასწარ არ მინდა სახელების და გვარების დასახელება - არ მგონია სერიოზული იყოს ჩემი მხრიდან, თუმცა თითოეულ ადამიანთან, მათ შორის, რატი ბრეგაძესთან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმდენად პოლიტიკურ ჭრილში წარმოგვიჩნდა იუსტიციის მინისტრი და ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ისეთ საკითხებს აწერს ხელს, მე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი არა მხოლოდ მსგავსი ტიპის განცხადებებთან, არამედ მოქმედებასთანაც. პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელსაც მოითხოვს ამ ტიპის სამუშაოები.

არ მგონია, რომ დიდი დრო დასჭირდეს ამ ყველაფერს, თუმცა უნდა გვქონდეს პარტიის შიგნით კონსულტაციები. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი იქნება შიდა არჩევნების შემდეგ“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ პოლიტიკურ ვენდეტას, რაზეც სულ უფრო მეტ დასავლელ ლიდერს აქვს მკვეთრი რეაგირება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს სთხოვს, ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო