აკია ბარბაქაძე - მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთს ფეხქვეშ ეგება და სახელმწიფოს აბარებს - მერწმუნეთ, რუსეთი დღეს საქართველოსნაირი სახელმწიფოს დაპყრობის კონდიციაში არ არის

მთავარი პრობლემა, ჩვენი ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთს ფეხქვეშ ეგება და სახელმწიფოს აბარებს, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

როგორც აკია ბარბაქაძე განმარტავს, უკრაინა გამოვიდა იმ ფაზიდან, როდესაც შეიძლება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა მასზე დამაშინებლის როლი ითამაშოს. მისივე შეფასებით, უკრაინა ძლიერდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი მარცხდება.

„რუსეთი, როგორც აგრესიული იმპერია, მარცხდება უკრაინის თავდაცვის ძალებთან და ერთან. აქ, აღარ დგას საკითხი, გაუტარებს თუ არა დასავლეთი რუსეთს აგრესიას. მთავარი პრობლემა, ჩვენი ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთს ფეხქვეშ ეგება და სახელმწიფოს აბარებს. მერწმუნეთ, რომ რუსეთი დღეს საქართველოსნაირი სახელმწიფოს დაპყრობის კონდიციაში არ არის. ის ქართველები, რომლებიც რუსეთის დამარცხებაში მონაწილეობენ, ისინი ქმნიან ჩვენთან იმის გარანტიას, რომ რუსეთი ვერ იცლის და ამ ქვეყნის საბოლოო ოკუპაციას ვერ ახერხებს. თუ საქართველოს მოსახლეობა აქტიური იქნება, არსებულ ხელისუფლებას ქმედებაში შეზღუდავენ, კერძოდ, არ მისცემენ ამ ქვეყნის რუსებზე ჩაბარების საშუალებას, ამ შემთხვევაში ეს საფრთხე მოხსნილი იქნება.

უნდა იყოს საზოგადოების აქტიურობა, წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა, ეს არის მეთოდიკა. ასევე, პასიური წინააღმდეგობის გაწევა. თანამდებობის პირების საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მოქცევა. ასევე, ხელისუფლების პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნების იძულება. თუ რუსეთი აქ შემოიჭრა, ყველას მოგვიწევს იარაღის ხელში აღება და წინააღმდეგობის გაწევა.

რუსეთს უნდა, რომ შესაძლებლობა მოუსპოს დასავლეთს, ისინი გახადოს მის რესურსებზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ენის მოჩლექით და მოფერებითი სიტყვებით დათვს იმ განზრახვას ვერ გადააფიქრებინებ, რომ მოვიდეს და შეგჭამოს. ახლა შეგვიძლია ვისარგებლოთ, სანამ რუსეთი ასეთი დასუსტებულია, ჩაფლულია უკრაინაში, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ რუსეთის განადგურებას უკრაინაში, პარალელურად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების პოტენციალი, გავზარდოთ შეიარაღების რიცხოვნობა, მოვამზადოთ საზოგადოება უარესი სცენარისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ძალისმიერი პოლიტიკის გატარება ჩვენს ქვეყანაში. საქართველომ უნდა აღადგინოს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, დაიბრუნოს ავტორიტეტი, გააგრძელოს პროგრესი და ევროპისთვის მისაღები გახდეს, შეუქცევლად გავაგრძელოთ ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის ვექტორიდან ჩამოცილება და დისტანცირება. ეს ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, თუმცა, რეალურია, თუ შევძლებთ და ოპოზიციური ძალების გაერთიანების მეშვეობით, საზოგადოების გააქტიურებით და მონიტორინგის ქვეშ დავაბრუნებთ ამ ქვეყანას პოლიტიკურ სივრცეში, ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით, რომ ეს ხელისუფლება იძულებული იქნება წამოვიდეს დათმობებზე. შემდეგ შეvცვალოთ ეს ხელისუფლება დემოკრატიული გზით“,- აღნიშნავს აკია ბარბაქაძე.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით