ლაშა ხუციშვილი - მთავრობის გადაწყვეტილებით, მივმართავთ მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჯამში 75 მლნ დოლარს შეადგენს

დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს 75 მლნ დოლარის გამოყოფის თაობაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

„როგორც იცით, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დავიწყეთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად ამ ხაზით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს ენერგოსისტემა და რუმინეთის ენერგოსისტემა, რომელიც ჩართულია ერთიან ევროპულ ქსელში. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე ინვესტირება დაწყებულია. საქართველოს მხრიდან ამ პროექტზე ორნახევარი მილიონი ევრო უკვე დახარჯულია, რომელიც გულისხმობს ე.წ. ფიზიბილითი სტადიის შესწავლას. მიმდინარე წელს შესწავლა უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიური შედეგები იქნება იქიდან გამომდინარე, რომ შედეგების მიხედვით, წინასწარი შესწავლაც საკმაოდ პოზიტიური იყო. ამ ეტაპზე, უკვე დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჯამში შეადგენს 75 მლნ დოლარს. ამ თანხასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე, ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა. თანხის ოდენობაზეც და მიმართულებებზე უკვე შეთანხმებული და შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან. შესაბამისად, ეს პროცედურა იმ პროცესის დაწყებაა, რაც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპებს გულისხმობს. 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით, ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაჯდება და დაიხარჯება საქართველოს მიერ, ასევე, სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე, 5 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ ასევე ფინანსურ საკითხებში“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაში შემდგომ ეტაპებზე პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს