გურამ მაჭარაშვილი - ანდრეი კასიანოვის განცხადება „მეორე ფრონტს“ ნიშნავს

საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი აღარ ეპარება, რომ დიახ, იყო და ისევ არსებობს საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით - ანდრეი კასიანოვის განცხადება მეორე ფრონტს ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღების გადაცემა კონფლიქტში ჩართვას და მეორე ფრონტს ნიშნავს.

"ბატონი კასიანოვის განცხადება იმას ადასტურებს, რომ რასაც "ხალხის ძალა" ვამბობდით - სამწუხაროდ, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაშიც არიან ძალები, რომელთაც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით არეულობა და შემდგომში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. კასიანოვის განცხადებამ სამხედრო ტექნიკის გადაცემის თაობაზე დაადასტურა, რომ დიახ, იყო აშშ-ს თანხმობა, რომ საქართველომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს. ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება რას ნიშნავს... ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინას იარაღს მთელი ნატოს წევრი სახელმწიფოები აწვდიან და საქართველომ რა იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ ეს რაიმე დახმარება იყოს?! ეს ნიშნავს იმას, რისგანაც ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა იკავებს თავს - რუსეთის წინაშე საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, მით უფრო რომ არცერთი არა თუ ნატოს წევრი ქვეყანა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე დგას და კარგად ვიცით, რას ნიშნავს სხვადასხვა მიმართულებით ქართული სამხედრო ჯარების გადაადგილება, არამც თუ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა - ეს არის გაცხადებული ომი რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან დაკავშირებით უკვე თავად უკრაინის ხელისუფლებაც აღარ მალავს, რომ მათი სურვილია საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს. ეს პირდაპირ დაადასტურა კონგრესმენმა კინზინგერმა, ნედ პრაისმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას მიანდეს საქართველოსთან დაკავშირებით როგორი იქნება უკრაინის დამოკიდებულება, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, კიევმა თბილისს "ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა სთხოვა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა.

კასიანოვი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აცხადებს, რომ უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენების წინააღმდეგია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“, - განაცხადა კასიანოვმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024